27 ნოემბერს ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი (HTS) და მისმა მოკავშირე ფრაქციებმა სირიის ალეპოს პროვინციის ჩრდილოეთში სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოულოდნელი იერიში წამოიწყეს, რაც ბოლო წლებში ყველაზე ძლიერ შეტაკებებში გადაიზარდა.
ოპოზიციურმა ძალებმა შეტევის წამოწყების შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე გაავრცელეს. მათი თქმით, ეს "აგრესიის შეკავების" ოპერაციაა, რომლის მიზანიც სირიის პრეზიდენტის პაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხრიდან ბოლო პერიოდში დაწყებულ საარტილერიო დაბომბვაზე პასუხის გაცემაა. ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ იმ ადგილებზე დარტყმით, სადაც იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა იმყოფება, სირიის მთავრობამ და "ირანულმა დაჯგუფებებმა" "ღია ომი გამოაცხადეს".
ბოლო ინფორმაციით, ოპოზიციური ძალები ამბობენ, რომ მათ უკვე შეძლეს 40-მდე დასახლებისა და სოფლის დაკავება, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლებები ურმ ალ-სუღრა და ანჯარაც, რომლებზეც მანამდე კონტროლი სამთავრობო ძალებს ჰქონდათ. ოპოზიციის თქმით, მათ ასევე სირიული სამხედრო ბაზაც დაიკავეს, რომელიც დასავლეთ ალეპოში ყველაზე დიდ ბაზად ითვლება.
ამას გარდა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადისტმა მებრძოლებმა დაიკავეს დამასკოსა და ალეპოს დამაკავშირებელი მთავარი გზაც. მოულოდნელი იერიშის შედეგად კი სხვადასხვა ფრაქციის ანტისამთავრობო ძალები მიუახლოვდნენ სირიაში სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოს, რომელსაც ასადის რეჟიმი და პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებები 2016 წლიდან აკონტროლებენ.
ამასთანავე, CNN-თან სირიელი ამბოხებულების სამხედრო ოპერაციების სარდლობის მებრძოლებმა განაცხადეს, რომ მათ "ასადის ძალებთან და ირანულ დაჯგუფებებთან ინტენსიური ბრძოლის შემდეგ", ქალაქ ალეპოდან 20 კილომეტრის დაშორებით ურმ ალ-კუბრის დასახლება გაათავისუფლეს.
სირიის ოპოზიციური ძალების ინფორმაციით, იერიშის ფარგლებში ჯამში 37 ადამიანი დაიღუპა რეჟიმის ძალებისა და მოკავშირე დაჯგუფებების მხრიდან.
თავის მხრივ, სირიის სამთავრობო არმიამ განაცხადა, რომ მათი ძალები "ტერორისტების" მხრიდან "ფართო მასშტაბის" იერიშის გამკლავებას ცდილობდნენ და მათ მძიმე დანაკარგებს აყენებდნენ.
გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული სამონიტორინგო ჯგუფის თქმით, ამ დრომდე შეტაკებებში 180-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა, ხოლო რუსეთისა და სირიის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 19 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
27 ნოემბერს წამოწყებული მოულოდნელი იერიში პირველი მნიშვნელოვანი და მწვავე დაპირისპირებაა სირიელ ამბოხებულებსა და ასადის რეჟიმის ძალებს შორის 2020 წლის მარტის შემდეგ, როდესაც რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებსა და სურათებში, რომელთა დადასტურებაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ალეპოს პროვინციის დასავლეთ ნაწილში კვამლი შეინიშნება, ხოლო ქალაქ ალეპოს მიმდებარე სოფლებში ამბოხებულთა ძალების მებრძოლები ჩანან. სოფელ ანჯარაში გადაღებულ მორიგ ვიდეოში ამბოხებულთა კიდევ ერთი მებრძოლი ჩანს, რომელიც, სავარაუდოდ, მის მშობლიურ დასახლებაში ლოცულობს და ზეიმობს. "ანჯარა ჩვენია და არა - ასადის ოჯახის". - ამბობს ვიდეოს ავტორი.
სირიის სამოქალაქო ომი 2011 წლის არაბული გაზაფხულის დროს დაიწყო, როდესაც რეჟიმმა ასადის წინააღმდეგ პროდემოკრატიული ამბოხების ჩახშობა სცადა. ასადი ქვეყნის პრეზიდენტი 2000 წლიდანაა. ამ მოვლენებს ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი მოჰყვა, რის პარალელურადაც სამთავრობო ჯარისკაცებთან გასამკლავებლად, ამბოხებული ძალები ჩამოყალიბდა, რომელიც "სირიის ეროვნული არმიის" (აქამდე ცნობილი, როგორც "თავისუფალი სირიის არმია") სახელით არის ცნობილი.
მომდევნო ეტაპზე კონფლიქტში სხვადასხვა რეგიონული და მსოფლიო ძალაც ჩაერთო, მათ შორის საუდის არაბეთი, ირანი, აშშ, რუსეთი და თურქეთი, რამაც სამოქალაქო ომის ახალ მასშტაბებზე გადასვლა გამოიწვია. გარკვეული დროის განმავლობაში ქვეყანაში ფეხი მოიკიდა ისლამურმა სახელმწიფომაც, თუმცა მოგვიანებით მან მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.
2020 წლიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში, რის შემდეგაც კონფლიქტი მეტწილად ამბოხებულებსა და ასადის რეჟიმს შორის დაბალი ინტენსივობის შეტაკებებით ხასიათდებოდა. გაეროს ცნობით, 2011 წლიდან მოყოლებული ომში 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
გამოცემა CNN-თან თურქულმა უსაფრთხოების წყარომ განაცხადა, რომ თურქეთი ამბოხებულების იერიშის შეჩერებას ცდილობდა, “რათა რეგიონში დაძაბულობის უფრო მეტი ესკალაცია არ დაუშვა, ისრაელის აგრესიისგან გამომდინარე”, რაშიც მან ჰეზბოლასა და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ისრაელის ომი იგულისხმა.
CNN-ის წყაროების თქმით, ამბოხებულებმა სირიის სამთავრობო არმიისა და მისი მოკავშირეების მხრიდან, ქალაქ იდლიბზე მიტანილი იერიშის გამო, რომელსაც 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში წამოიწყეს, რაც მათი მოლოდინით “ლიმიტირებული ოპერაცია” უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამბოხებულებმა ოპერაციის მასშტაბები მას შემდეგ გაზარდეს, რაც რეჟიმის ძალებმა ალეპოს მიმდებარე დასახლებები მიატოვეს.
ანალიტიკოსების თქმით, ამბოხებულებმა სირიაში წინსვლისთვის ის ვაკუუმი გამოიყენეს, რომელიც რეგიონში ისრაელის სამხედრო ქმედებების შედეგად ჰეზბოლას დასუსტებამ წარმოქმნა.
ირანის მარიონეტული ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა მნიშვნელოვნად დაეხმარა ასადის რეჟიმს ამბოხებულ ძალებთან დაკარგული ტერიტორიების აღდგენაში. ჰეზბოლას ტერორისტები ასადის მხარეს სირიის ოპოზიციის შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ იბრძოდნენ. თავის მხრივ, ასადის სირია ჰეზბოლას მთავარი მიმწოდებელი და დამხმარე იყო ლიბანში სარაკეტო არსენალის შექმნის კუთხით.
7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ჰეზბოლამ საბრძოლო ძალები ისრაელისკენ მიმართა და სირიიდან მებრძოლები ლიბანში გადაიყვანა, რათა ისრაელთან ბრძოლით მიყენებული დანაკარგები შეევსო.
ბოლო თვეებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 მათგანი მოკვდა, ასობით კი დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილი:
27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა, რაც ტერორისტული დაჯგუფებისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია. ამასთანავე, სექტემბრიდან მოყოლებული ისრაელმა ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვნად დაზიანდა ლიბანში ჰეზბოლას პოზიციები.





