სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ტელეკომპანია "მედიამონიტორინგის ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნისა და ძალადობის ფაქტზე 2 პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 ივლისს ჟურნალისტსა და ოპერატორზე თბილისში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა. მიზეზი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტი იყო, რომელიც გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებულ პრობლემებს ეხებოდა.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ტელეკომპანია ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე მხილებული იქნა 2 პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 ივლისს, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც გორი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსებში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა. აღნიშნულ სიუჟეტთან დაკავშირებით კი 25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ ორმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და მათზე ფიზიკურად იძალადა. მიყენებული დაზიანებების გამო, ოპერატორი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, დაუყოვნებლივ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გამოიკითხნენ ფაქტის შემსწრე პირები, მოპოვებული იქნა ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ჩატარდა ამოცნობა და დაინიშნა ექსპერტიზა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ე.გ.-ს და თ.ლ.-ს ბრალდება სსსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





