რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა 26 ნოემბერს წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთს ტერორისტულად გამოცხადებულ ორგანიზაციებზე აკრძალვის მოხსნის საშუალებას მისცემს.
კანონპროექტის შენიშვნის მიხედვით, "ტერორიზმთან გამკლავების შესახებ" კანონი მსგავსი ორგანიზაციების აკრძალვასა და ტერორისტთა სიაში შეყვანის საშუალებას იძლევა, თუმცა არ გააჩნია მექანიზმი, ამ აკრძალვის მოხსნისთვის, თუკი ორგანიზაცია შეწყვეტს ქმედებებს, რომელთა მიზანიც "ტერორიზმის ან მსგავსი დანაშაულების ხელშეწყობა, გამართლება ან მხარდაჭერაა".
დეპუტატების მიერ წარდგენილი შესწორებებით, რუსეთის სასამართლოს ეძლევა უფლებამოსილება, რომ გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის პეტიციის საფუძველზე, ორგანიზაცია ტერორისტთა რეესტრიდან ამოიღოს, თუკი მათი გადაწყვეტილებისთვის საკმარისი "რელევანტური ინფორმაცია" იარსებებს.
ამ ნაბიჯის შემდეგ, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა პაველ სკლიანჩუკმა აღნიშნა, რომ წარდგენილი კანონპროექტით შესაძლოა, ტერორისტთა რეესტრიდან თალიბანის ამოღების გადაწყვეტილებას საფუძველი ჩაეყაროს.