რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე რეკორდული რაოდენობის, 188 დრონით იერიში მიიტანა, განადგურებულია 76

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში მიიტანა. საოკუპაციო ძალებმა, რეკორდული რაოდენობის, 188 დრონი გამოიყენა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 76 რუსული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლო.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად 95 დრონი ლოკაციურად დაიკარგა. 5 უპილოტო საფრენი აპარატი ბელარუსში გაფრინდა.

რუსებმა დრონები ორელის, ბრიანსკის, კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან ააფრინეს.

საჰაერო ბრძოლა კიევის, ჩერკასის, კიროვგრადის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, პოლტავის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ვინიცკის, ჩერნოვიცკის, ტერნოპოლის, რევენის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში მიმდინარეობდა.

იერიშის მოგერიებაში ჩართული იყო საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ლოკაციური ბრძოლის ქვედანაყოფები, ავიაცია, უკრაინის შეიარაღებული და საჰაერო თავდაცვის ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.

"სამწუხაროდ იერიშის შედეგად რიგ რეგიონებში დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები. ამ წუთის მონაცემებით არავინ დაშავებულა". – წერია საჰაერო ძალების ანგარიშში.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები