რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ აშშ-მ უკრაინას რუსეთზე ATACMS-ებით იერიშის ნება დართო

DREW ANGERER/GETTY IMAGES

აშშ-ს თეთრ სახლში 25 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ აშშ-მ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის ATACMS რაკეტებით იერიშის მიტანის ნება დართო. 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ATACMS რაკეტების გამოყენებაზე "მითითებები შეცვალა", რომელთა მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აღნიშნული რაკეტებით "კონკრეტულ სამიზნეებზე დარტყმა შეუძლიათ". 

"ამჟამად [უკრაინას] შეუძლია ATACMS-ის გამოყენება, რათა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში თავი დაიცვას. და ახლა, გასაგები მიზეზების გამო, [ეს საჭიროება] კურსკის ოლქში არსებობს". - უთხრა კირბიმ ჟურნალისტებს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 19 ნოემბერს უკრაინამ ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტებზე პირველად მიიტანა იერიში, მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იარაღის გამოყენების ნება დართო. 

თავდაპირველად, გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.

მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".

ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე ზღვარი დაწია და რუსეთის მხრიდან პასუხის პოტენციური მიზეზების სიაში სტანდარტული სახის დარტყმებიც შეიტანა.

რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა 

კომენტარები