რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Blooomberg: ბაიდენი NATO-ში უკრაინის ოფიციალურად მიწვევას განიხილავდა, თუმცა ეს გადაიფიქრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში NATO-ში უკრაინის ოფიციალურად მიწვევის საჯაროდ მოწოდებას განიხილავდნენ, თუმცა, გადაიფიქრეს, რადგან ამ ნაბიჯს მოკლევადიან პერიოდში წარმატების დაბალი შანსი ჰქონდა.

ამის სანაცვლოდ, გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია უსაფრთხოების კუთხით რიგ ორმხრივ შეთანხმებებზე იმუშავებს, რათა ვადის ამოწურვამდე უკრაინა გარკვეული გარანტიებით უზრუნველყოს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, სანამ პრეზიდენტის თანამდებობას აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიკავებს, ბაიდენის ადმინისტრაცია ეცდება, ომში უკრაინის პოზიციები გაამყაროს. თავის მხრივ, ეს იმითაა განპირობებული, რომ ტრამპის დაპირებით, იგი აპირებს, უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად დაამთავროს, რაც სავარაუდოდ, ომის მოლაპარაკებებით დასრულებას გულისხმობს.

ხსენებული გეგმის ფარგლებში ბაიდენმა ბოლო პერიოდში უკრაინას რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტებზე ამერიკული შორი რადიუსის იარაღით იერიშების მიტანის ნება დართო. ხოლო ამ გადაწყვეტილების შემდეგ თეთრმა სახლმა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დაამტკიცა და მას $4.65 მილიარდის ოდენობის სესხიც გაუნულა.

ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციასთან გარკვეული ანონიმური წყაროს თქმით, ეს ნაბიჯები ნაწილია ბაიდენის გეგმის, რომ რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს, რათა ტრამპის ინაუგურაციამდე უკრაინა გაძლიერდეს.

წყაროს თქმით, სტრატეგიის მიზანი ზელენსკის დახმარებაა იმის ჩვენებით, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ პასუხის გაცემის უნარი აქვს, თუკი რუსეთი მტრულ ქმედებებს განაგრძობს.


17 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.

მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".

ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე ზღვარი დაწია და რუსეთის მხრიდან პასუხის პოტენციური მიზეზების სიაში სტანდარტული სახის დარტყმებიც შეიტანა.

ამავე დღეს უკრაინამ ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტი დაბომბა. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა გაშვებული 8 რაკეტიდან მხოლოდ 2-ის ჩამოგდება შეძლო, ხოლო დარტყმა საბრძოლო მასალების მომმარაგებელ საკვანძო პუნქტზე იყო მიტანილი.

21 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშის დროს, სხვადასხვა ტიპის რაკეტებთან ერთად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტა პირველად გამოიყენა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა იერიშის დროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა РС-26 Рубеж, შვიდი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და Х-47М2 Кинжал-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. მათივე ცნობით, საჰაერო იერიში ასტრახანის ოლქიდან განხორციელდა.

რაკეტების სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საჰაერო ძალებმა, ექვსი ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.

20 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე პირველად მიიტანა იერიში ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით. 

რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა

კომენტარები