რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"რას ფიქრობთ ზელენსკის გამარჯვების გეგმაზე" – ტრამპის კითხვები ევროპელ ლიდერებს

გამოცემა Washington Post-ის მოსაზრების ნაწილში დევიდ იგნატიუსი წერს, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ევროპელი ლიდერები ტრამპის "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" რიტორიკით ღელავენ, თუმცა, ამის მიუხედავად, პარიზსა და ბერლინში გამართულ შეხვედრებზე მისდამი განწყობა გასაკვირად მიმღებლურია.

ამასთანავე, იგნატიუსის თქმით, 5 ნოემბრის შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა ტრამპთან საუბრები გამართეს, რის ფარგლებშიც შენიშნეს, რომ უკრაინასთან მიმართებით ტრამპი უფრო მეტ კითხვას სვამს, ვიდრე - მოთხოვნებს აყენებს.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრისას ტრამპმა მას ჰკითხა: "რას ფიქრობ ზელენსკის გამარჯვების გეგმაზე? რას ფიქრობ პუტინზე?" - ამბობს გერმანელი მაღალჩინოსანი, რომელიც ტრამპსა და შოლცს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზეა ინფორმირებული.

ტრამპმა სატელეფონო საუბრები ევროპის სხვა ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის, პოლონეთის, დანიის, ჩეხეთისა და სხვა ქვეყნების, ლიდერებთანაც გამართა. გერმანელი მაღალჩინოსნის თქმით, ეს საუბრები "მოსალოდნელზე უფრო მეგობრული იყო, და ტრამპი უფრო მეტად მოსმენის რეჟიმში იყო - კარგად მომზადებული და უთავბოლოდ არ საუბრობდა".

კომენტარები