19 ნოემბერს პენტაგონში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული დოქტრინის განახლების მიუხედავად, არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.
პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის, თქმით, ბირთვული პოლიტიკის შესახებ რუსეთის რიტორიკა ბოლო ორი წლის მანძილზე მისი ქმედების გაგრძელებაა.
"ეს იგივე უპასუხისმგებლო რიტორიკაა, რომელიც მანამდეც გვინახავს". - განაცხადა სინგმა.
მისი თქმით, "ჩვენ დაკვირვებას გავაგრძელებთ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ნიშანი, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება".
ამასთანავე, სპიკერის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხრიდან ომში მესამე ქვეყნის სამხედროების ჩართვა აშკარა ესკალაციაა. სინგის მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვი გააფრთხილა, რომ თუკი ომში ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს ჩართავდნენ, აშშ უკრაინას პასუხის გაცემაში დაეხმარებოდა და "უკრაინას იმას მისცემდა, რაც მას სჭირდება".
19 ნოემბერს უკრაინამ ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტი დაბომბა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთში შორი რადიუსის იარაღით იერიშების მიტანის ნება დართო.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა გაშვებული 8 რაკეტიდან მხოლოდ 2-ის ჩამოგდება შეძლო, ხოლო დარტყმა საბრძოლო მასალების მომმარაგებელ საკვანძო პუნქტზე იყო მიტანილი.
თავდაპირველად, გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე ზღვარი დაწია და რუსეთის მხრიდან პასუხის პოტენციური მიზეზების სიაში სტანდარტული სახის დარტყმებიც შეიტანა.
რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა





