რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ეს თვისებრივად დაძაბულობის ახალი ფაზაა – კრემლი ბაიდენის გადაწყვეტილებაზე

ბაიდენის გადაწყვეტილებას, ნება დაერთო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, გამოეყენებინათ ამერიკული წარმოების შორი რადიუსის სარაკეტო სისტემა ATACMS რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის რეგიონში, კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. პესკოვის კომენტარს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TACC ავრცელებს.

"თუ ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად ჩამოყალიბდა და ეცნობა კიევის რეჟიმს, ეს თვისებრივად დაძაბულობის ახალი ფაზაა და თვისებრივად ახალი სიტუაციაა აშშ-ს მიერ ამ კონფლიქტში ჩართვის თვალსაზრისით". - თქვა პესკოვმა პრესბრიფინგზე. 

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლს ინფორმაცია ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ დასავლური მედიიდან აქვს. 

"თუმცა ცხადია, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია, რომელიც მალე ჩანაცვლდება, მიზნად ისახავს, რომ ამგვარი ნაბიჯები გადადგას, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმა გააგრძელოს და ამ კონფლიქტის გარშემო არსებული დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია მოახდინოს" - თქვა პესკოვმა. 

ცნობისთვის, გუშინ, 17 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.

მოგვიანებით, გამოცემა ამერიკულ Axios-ს საკითხში გარკვეულმა წყარომ დაუდასტურა, რომ ATACMS-ების გამოყენების უფლება მხოლოდ კურსკის ოლქზე ვრცელდება. წყაროს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინას დაახლოებით სამი დღის წინ აცნობეს.

მაღალჩინოსნების თქმით, სავარაუდოდ, უკრაინა ასეთი ტიპის შეიარაღებას რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების დასაცავად რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენებს, თუმცა, ბაიდენმა შესაძლოა, მათ გამოყენებაზე ნებართვა რუსეთის სხვა წერტილებზეც გასცეს.

ამასთანავე, გამოცემასთან მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უკრაინასთან ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვის პასუხად მიიღო.

New York Times-ის თქმით, ამ გადაწყვეტილებით მაღალჩინოსნები არ მოელიან, რომ ომის კურსი ფუნდამენტურად შეიცვლება, თუმცა დაამატეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის შეცვლის მიზანი, ჩრდილოეთ კორეისთვის მესიჯის გაგზავნაა, რომ მათი ჯარისკაცები უკრაინაში უსაფრთხოდ არ არიან და რომ ჩრდილოეთ კორეამ ომში ჯარისკაცების გაგზავნა უნდა შეწყვიტოს.

ზელენსკი აშშ-ს მიწოდებულ შორი რადიუსის რაკეტებზე, როგორიცაა ATAMCS-ები, შეზღუდვის მოხსნას დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა, რათა უკრაინამ რუსეთში იარაღის საწყობებსა და სხვა სახის სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეძლოს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთთან ომში პირდაპირ ჩაერთვებოდა, თუკი იგი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნებას დართავდა. მისი მტკიცებით, ეს ნაბიჯი კონფლიქტის მასშტაბსა და ხასიათს შეცვლიდა.

კომენტარები