აშშ-ჩინეთი

პერუს სამიტზე ბაიდენსა და სი ძინფინგს შორის ბოლო შეხვედრა გაიმართა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი
Leah Millis/Pool Photo via AP

16 ნოემბერს პერუში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერს სი ძინფინგს შეხვდა.

ეს მათ შორის ბოლო ასეთი შეხვედრა იქნება, რადგან 2025 წლის 20 იანვრიდან აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობას არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიკავებს. ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებაა, რომ იგი ჩინურ პროდუქციაზე ტარიფებს დააწესებს.

ჩინური სამთავრობო მედია Xinhua-ს ცნობით, სი ძინფინგმა ბაიდენს განუცხადა, რომ ჩინეთი აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობაში "[ადმინისტრაციების] მშვიდობიანი შეცვლისკენ ისწრაფვის" და რომ "ჩინეთი მზადაა, ახალ ადმინისტრაციასთან სამუშაოდ".

ამას გარდა, ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებები ადამიანებმა უნდა მიიღონ და არა - ხელოვნურმა ინტელექტმა, რაც აშშ-სა და ჩინეთის მხრიდან პირველი მსგავსი განცხადებაა.

"ორმა ლიდერმა დაადასტურა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებზე ადამიანის კონტროლის შენარჩუნების საჭიროება". - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ცნობით, "ორივე ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საჭიროება, რომ ყურადღებით გაანალიზდეს პოტენციური რისკები და რომ სამხედრო სფეროში ხელოვნური ტექნოლოგია განვითარდეს წინდახედულად და პასუხისმგებლობიანად".

ამასთანავე, სიმ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ტაივანის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და განვითარების უფლების საკითხები ჩინეთისთვის "წითელ ხაზებს" წარმოადგენენ და ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენონ.

ჩინეთის სამთავრობო მედია CCTV-ის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს უთხრა, რომ "ტაივანის საკითხი, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, [მმართველობის] გზები და სისტემები, და განვითარების ინტერესები ჩინეთის ოთხი წითელი ხაზია, რომლებზეც შედავება არ უნდა მოხდეს".

სი ძინფინგმა ასევე აშშ გააფრთხილა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კუნძულებსა და რიფებზე დაპირისპირებაში არ ჩაერიოს ან "არ დაეხმაროს ან წაახალისოს პროვოკაციებისთვის ბიძგებს" რეგიონში.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შესაძლოა, უწესრიგო გახდეს და გაუარესდეს, თუკი ერთი მხარე მეორეს მეტოქედ ან მტრად აღიქვამს.

"ბოლო ოთხი წლის მანძილზე, აშშ-ჩინეთის ურთიერთობებმა აღმასვლა და დაღმასვლა გამოიარა, მაგრამ ორი ჩვენგანის მეთაურობით, ჩვენ ასევე ჩავერთეთ ნაყოფიერ დიალოგებსა და თანამშრომლობაში, და ზოგადად სტაბილურობას მივაღწიეთ". - განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები