არჩევნები 2024

ხაზარაძე: პოლიტსაბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით

ფოტო: Facebook/Mamukakhazaradzeofficial

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, გაერთიანების პოლტსაბჭომ 14 ნოემბერს დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნასა და შესაბამისად, მანდატების დატოვების შესახებ.

ამის შესახებ ხაზარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ძლიერი საქართველოს პოლიტსაბჭომ დღეს ოფიციალურად კენჭი უყარა და დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით. პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი პოლიტსაბჭოს სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა.

გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელმაც მიიღო წარმომადგენლობითი მანდატი, ლეგიტიმაცია არ მიანიჭოს ქართული ოცნების პარლამენტს და უარი თქვას მისთვის მინიჭებული მანდატების გამოყენებაზე. ამის თაობაზე განაცხადი ყველა ოპოზიციურ სუბიექტს გაკეთებული აქვს.

"საარჩევნო კოდექსის" 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, “პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ."

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმართვა დასაშვებია პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ, რომელზეც ხდება ახლადარჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა." - წერს იგი.

მისივე თქმით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ძლიერი საქართველო სთავაზობს ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, ერთდროულად მიმართონ მანდატების დატოვების შესახებ პასუხისმგებელ უწყებას.

"შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძალას, ვისაც მიღებული აქვს მანდატები კანონით განსაზღვრული წესით, ერთობლივად, ერთ დღეს, ერთ დროს განვახორციელოთ ეს პროცედურული ქმედება და ერთად მივმართოთ სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს, ამით წერტილს დავუსვამთ ინტერპრეტაციებს და არ მივცემთ არავის ამ თემაზე სპეკულაციების საშუალებას.

მეტი საჯაროობისთვის, მზად ვართ, ეს პოლიტიკური აქტი განვახორციელოთ პრეზიდენტთან შეთანხმებით და მისი ჩართულობით." - წერს ხაზარაძე.


12 ნოემბერს, ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ და კოალიციამ ცვლილებისთვის ბრიფინგები გამართეს, სადაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების გაუქმებით მიმართეს და მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს

ოპოზიციურ პარტიებს იმავე დღეს უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ და არც პირადი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში.  

პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმა 12 ნოემბერს ოპოზიციური გაერთიანებების მიერ საარჩევნო სიების გაუქმების და მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით ცესკოსთვის მიმართვას "პოპულისტური გადაწყვეტილება" უწოდა, რომელიც "აზიანებს საერთო საქმეს".

კომენტარები