კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების გაუქმებით მიმართავს და მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, პარლამენტი არალეგიტიმურია, ხოლო კოალიციისთვის "ამ პარლამენტში მონაწილეობა, არალეგიტიმურ ქმედებების თანამონაწილეობად" ითვლება.
საპარლამენტო სიის გაუქმებაზე განცხადებით, ცესკოს კოალიციის 82 წევრი განცხადებით მიმართავს.
"კოალიცია ცვლილებისთვის, რომელიც ბოლო არჩევნების შედეგად, გამოიკვეთა, როგორც ოპოზიციური სპექტრის ლიდერი, თუმცა ჩვენ ეს არ მიგვაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად იმ ფონზე, როცა არჩევნები მოპარულია და როდესაც, ოპოზიციურმა ძალებმა, შეძლეს დაემარცხებინათ ქართული ოცნება და ახლა უნდა ვმსჯელობდეთ იმაზე, როგორი იქნება კოალიციური მთავრობა და როგორ განვითარდება საქართველო მომავალში.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით არჩევნები რჩება მოპარულად, მაგრამ მინდა საზოგადოება დავარწმუნო იმაში, რომ სრულად გამორიცხულია ქართულმა ოცნებამ შეძლოს ხელისუფლების მიტაცება.
ეს “წარმატება” მათი არის დროებითი, ქართველი ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხმას დავუბრუნებთ ქართველ ხალხს და სამშობლოს დავიბრუნებთ ყველანი ერთად.
პარლამენტი არის არალეგიტიმური - შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ პარლამენტში და არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად; ეს არის ჩვენი კოალიციის პოზიცია და ეს არის ჩვენი კოალიციის გადაწყვეტილება.
კოალიციის სია იყო 82 კაციანი - დღეს ჩვენ აქ არ გვყავს ანა ქართლელიშვილი იმ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად იგი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია, არ არის ქალბატონი ხათუნა სამნიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი ხელმოწერილი დოკუმენტი და ასევე არ არის, ჩვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე თენგო თევზაძე, რომელიც სასამართლოში იკითხება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და თავისთავად ცხადია, რომ მისი ხელმოწერილი დოკუმენტიც გვაქვს.
ოთხმოცდაორივე წევრი სიისა, ყველა, ვინც ვართ ამ სიაში უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში.
ამ ქვეყანაში, ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის, რუსეთის.
ჩვენ გვესმის, რომ ეს სამართლებრივად სრულიად გამართული განცხადებაა, მაგრამ გვესმის, რომ ცესკო-მ და საქართველოს პარლამენტმა შეიძლება დაიწყოს უკანონო გადაწყვეტილებების მიღება - რამდენჯერაც იქნება საჭირო, ოთხმოცდაორივე წევრი ამ სიისა მოაწერს ხელს უარს.
ამ ეტაპზე, სამართლებრივი თვალსაზრისით, სრულიად გამართულად ვაწერთ ყველანი ხელს ამ განაცხადს, რითიც ვადასტურებთ კვლავ იმას, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი თანამონაწილეობა ამ პარლამენტში გამორიცხულია - ჩვენ ვერ შევძენთ მას ლეგიტიმაციას ჩვენი იქ ყოფნით". - თქვა ნიკა გვარამიამ.
საპარლამენტოს მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით, კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობაც მიმართავს.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, კოალიცია არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს აცხადებს საპარლამენტო მანდატებზე.
"აღნიშნული არჩევნები არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ ნებას და შესაბამისად ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის სახელით, ჩვენ განვაცხადებთ, რომ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე.
დღეს გვინდა, ოფიციალურად თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იყო ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიაში, ინდივიდუალური წერილით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე პუნქტის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, პარტიული სიის წევრს, მათ შორის პარლამენტში არჩეულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას საჯარო თანამდებობის დაკავებაზე - სახელმწიფო თანამდებობას პირი იკავებს მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით.
კონსტიტუციის მითითებული ნორმა გამორიცხავს საჯარო თანამდებობის დაკავებისთვის რაიმე ფორმის იძულებას - პირი უფლებამოსილია უარი თქვას დეპუტატის მანდატის მოპოვებაზე და ამას ვაკეთებთ ჩვენ დღეს სწორედ აქ, მათ შორის ოფიციალურად დადასტურებული წერილით თითოეული ჩვენგანისგან, რომელიც გადაეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას". - თქვა თინა ბოკუჩავამ.