არჩევნები 2024

ოპოზიციამ იცის, რომ ახლა სიების გაუქმება შეუძლებელია, მათ მანიპულაციის გზა აირჩიეს - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ და არც პირადი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. 

"მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში  ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან, რომ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, მათ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც არჩევნების შეფასებისას, მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითაც, სავარაუდოდ, ცესკოზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ. 

საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, ამ საკითხთან მიმართებითაც ზედმიწევნით დაიცავს კანონს. 

საზოგადოების ინფორმირების მიზნით კი განვმარტავთ, რომ საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.  

ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს" - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 12 ნოემბერს, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობამ და კოალიციამ ცვლილებებისთვის ცესკოს საპარლამენტო სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. ასევე, ძლიერი საქართველოს წევრებმა დაწერეს განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ისინი მანდატებზე უარს ამბობენ.

"პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა. 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება. პ.ს. სხვათაშორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ". - წერს კუპრაძე ვიდეოს აღწერაში.

კომენტარები