პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმა TV პირველის ეთერში, გადაცემა დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ოპოზიციური კოალიციების მიერ საარჩევნო სიების გაუქმების და მანდატებზე უარის თქმით ცესკოსთვის მიმართვას "პოპულისტური გადაწყვეტილება" უწოდა, რომელიც "აზიანებს საერთო საქმეს".
"თუკი ვამბობთ, რომ საერთო მიზანი არის, რომ რამენაირად წართმეული არჩევნები დავუბრუნოთ ქართველ ხალხს, მე მგონი, არასწორი და პოპულისტური გადაწყვეტილებების, რომელთა შედეგების გათვლაც ძალიან იოლია, მიღების ფუფუნებას ჩვენ ჩვენს თავს არ ვაძლევთ. ამიტომ, ნურავის გაუკვირდება, რომ როდესაც რაღაც ნაბიჯი იდგმება, რომელიც საერთო საქმეს აზიანებს ამას სახელი დაერქმევა.
[...] ეს პოპულისტური გადაწყვეტილება, რომელიც ვიხილეთ ნაცმოძრაობის ორი სხვადასხვა ფრთის მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ სამართლებრივად არის შეუძლებელი, გასაგებია, რომ გამოიწვევდა დაცინვას ცესკოს პირით ამ შემთხვევაში ივანიშვილის მხრიდან. ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ ამ პარლამენტს ჩვენი გუნდი, გახარიას გუნდი, ლეგიტიმაციას არ მივცემთ.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თვითმიზანს მივაღწიეთ, რომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატვის მთავარი ინსტრუმენტი, არჩევნები, რაღაცნაირად გადავარჩინოთ და მივაღწიეთ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და ჩართულობით, რომ ჩატარდეს ამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები, ჩვენი გუნდის პირობა ცალსახად არის ის, რომ ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს იმავე ცესკოს ადმინისტრაციის პირობებში, იმიტომ რომ აზრი არ ექნება , ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს იმავე სუს-ის ადმინისტრაციის პირობებში იმიტომ რომ აზრი არ ექნება. ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს იმავე სახალხო დამცველის პირობებში, ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს საფინანსო უწყებების იმავე ადმინისტრაციის პირობებში, ამაში მე მგონი ყველანი ვთანხმდებით. შესაბამისად, თუ ამას მივაღწიეთ, რომ ხელახალი არჩევნები ტარდება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და ჩართულობით, რა თქმა უნდა, რასაც ჰქვია რეალური ცესკოს ფუნქციის დაბრუნება, რეალური სუს-ის ფუნქციის დაბრუნება და რეალური სახალხო დამცველის არჩევა, რა თქმა უნდა, ამაში მივიღებთ მონაწილეობას კი არა, ჩვენი პირობები იქნება დაყენებული, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს". - თქვა ბუჩუკურმა.
დღეს, 12 ნოემბერს, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობამ და კოალიციამ ცვლილებებისთვის ცესკოს საპარლამენტო სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. ასევე, ძლიერი საქართველოს წევრებმა დაწერეს განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ისინი მანდატებზე უარს ამბობენ.
"პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა. 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება. პ.ს. სხვათაშორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ". - წერს კუპრაძე ვიდეოს აღწერაში.
- ძლიერი საქართველოს წევრები ცესკოს მანდატის დატოვების განცხადებით მიმართავენ
- ერთიანობა და კოალიცია ცვლილებისთვის ცესკოს სიების გაუქმებაზე მიმართავს
- პარტიების სიების რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს – სანტურიანი
ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის თქმით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში მყოფი კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმება კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის არც პარტიების და არც ინდივიდუალური განცხადებებით მიმართვის შემთხვევაში.