რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: პენტაგონმა კონტრაქტორებს უფლება მისცა, უკრაინაში ამერიკული იარაღი შეაკეთონ

REUTERS/Viacheslav Ratynskyi/File Photo

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ს თავდაცვის კონტრაქტორებს უკრაინაში მუშაობის უფლება მისცა, რათა მათ პენტაგონის მიერ კიევისთვის მიწოდებული იარაღი შეაკეთონ. ინფორმაციას გამოცემა Reuters რამდენიმე ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს

მაღალჩინოსნის ცნობით, რომელიც გამოცემას ანონიმურად ესაუბრა, უკრაინაში მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტორი გაიგზავნება და ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით დარჩებიან. ისინი ასევე არ მიიღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. 

"ისინი უზრუნველყოფენ, რომ აშშ-ს [მიერ კიევისთვის მიწოდებული] შეიარაღება, დაზიანების შემთხვევაში, სწრაფად შეკეთდეს და [პერიოდულად] ჩაუტარდეს ტექნიკური უზრუნველყოფა". - თქვა აღნიშნულმა ოფიციალურმა პირმა. 

რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ს კიევისთვის ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გაუგზავნია. თუმცა კიევს, ამერიკული იარაღის დაზიანების შემთხვევაში, უწევდა, რომ შესაკეთებლად იარაღი ან ქვეყნის გარეთ გაეტანა, ან ვიდეო-ჩართვებითა და სხვა კრეატიული გზებით ქვეყნის შიგნითვე შეეკეთებინა სისტემები. 

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინაში ბევრ ამერიკულ იარაღს ვერ იყენებენ, ვინაიდან ისინი დაზიანებულები არიან. 

"იმ მოცემულობით, რომ უკრაინაში ბევრ ამერიკულ კომპანიას კონტრაქტორები, რომლებიც უკრაინის მთავრობასთან მუშაობენ, უკვე ჰყავს, ეს გადაწყვეტილება კონტრაქტორების რიცხვის არსებით ზრდას ვერ გამოიწვევს". - წერს Reuters. 

კომენტარები