გერმანია

რა მოხდება გერმანიის მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ?

გერმანია

რა მოხდება გერმანიის მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ?

გერმანიის მმართველი შუქნიშნის კოალიცია, რომელიც სამი პარტიისგან: გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), თავისუფალი დემოკრატებისა (FDP) და მწვანეებისგან შედგებოდა, დაიშალა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საკუთარი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე 15 იანვარს დააყენებს. ვადამდელი არჩევნების ჩატარება კი მარტში იქნება შესაძლებელი. გეგმიური ფედერალური არჩევნები გერმანიაში 2025 წლის სექტემბერში იყო ჩანიშნული. ქვეყნის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, ის კანცლერი გადაწყვეტილებას ხელს არ შეუშლის.

კოალიციაში მყოფი პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა გუშინ საღამოს გაიმართა და ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება. FDP-ს ლიდერმა და ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა კანცლერ ოლაფ შოლცს ვადამდელი არჩევნების იანვარში ჩატარება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ კი შოლცმა ლინდნერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პარტიებს შორის უთანხმოებამ პიკს ოქტომბერში მიაღწია, როდესაც ლინდნერმა კოალიციის დანარჩენ წევრებს საკუთარი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტი წარუდგინა. ლინდნერმა ეკონომიკური შემობრუნება და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფუნდამენტური გადახედვა მოითხოვა, რაც, მათ შორის, კომპანიებისთვის გადასახადების შემცირებას, კლიმატის რეგულაციების შემსუბუქებასა და სუბსიდიებისა და სოციალური შეღავათების შემცირებას მოიცავდა.

ლინდნერის მოთხოვნებს სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ისინი საუბრობდნენ, რომ FDP-ს ლიდერის ინიციატივა პროვოკაციული იყო და ის ცდილობდა, რომ კანცლერის მიერ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება გამოეწვია.

ლინდნერმა კი კოალიციის დაშლაში შოლცი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ FDP მზადაა არჩევნების შემდეგ სხვა შემადგენლობის სამთავრობო კოალიციაში შესვლისთვის.

შუქნიშნის კოალიცია სამმა პარტიამ 2021 წლის ფედერალური არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა. არჩევნებში პირველ ადგილზე გასული ცენტრისტულ მემარცხენე SDP-სთვის ბუნებრივი მოკავშირე მწვანეები იყვნენ, თუმცა, მათ უმრავლესობის მოსაპოვებლად მანდატები არ ყოფნიდათ. ამის გამო, ზემოხსენებულმა პარტიებმა კოალიცია ეკონომიკურად ლიბერალურ თავისუფალ დემოკრატებთან ერთად შექმნეს. ეს გახდა პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანიას სათავეში სამი პარტიისგან შემდგარი კოალიცია ჩაუდგა.

ეკონომიკურ საკითხებში FDP-სგან დიამეტრული განსხვავებების მიუხედავად, კოალიცია პირველ გამოწვევებს წარმატებით გაუმკლავდა. ამაში კი მნიშვნელოვანი როლი კორონავირუსის პანდემიის მართვისთვის შექმნილი ფონდიდან თანხების გადანაწილებამ შეასრულა. თანხების გადანაწილების შედეგად შესაძლებელი გახდა პარტიებს შორის განსხვავებების გადალახვა და საერთო ეკონომიკურ გეგმაზე შეთანხმება, რომელიც ბიუჯეტში თანხების დაზოგვასაც და სოციალური და კლიმატის პოლიტიკისთვის თანხის ხარჯვასაც მოიცავდა.

თუმცა, დროთა განმავლობაში კოალიციური მთავრობა ისეთი მასშტაბური გამოწვევების წინაშე დადგა, როგორებიცაა კოვიდპანდემიის დასრულების გაჭიანურება, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა, ასევე, გაზისა და ნავთობის მიწოდების შეფერხება, რამას გერმანია ენერგოკრიზისის წინაშე დააყენა.

კოალიციაში პირველი ბზარის გაჩენა ლინდნერის მიერ მედიასთან მძღოლებისთვის ბენზინისა და დიზელის ფასებზე შეღავათების დაწესების ინიციატივაზე ისაუბრა, ამან მწვანეების გაღიზიანება გამოიწვია, რის შესახებაც მათაც საჯაროდ ისაუბრეს. ამის შემდეგ კი პარტიებს შორის განხეთქილება ეკონომიკურ საკითხებს გაცდა და ნელნელა ყველაფერს შეეხო.

პარალელურად, კოალიციამ პოპულარობა დაკარგა ამომრჩევლებშიც და გამოკითხვების მიხედვით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარულ მთავრობად იქცა.

გერმანიაში ვადამდელი არჩევნები ამ დრომდე მხოლოდ სამჯერ დაინიშნა, უკანასკნელად 2005 წელს. ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის კი ორი გზა არსებობს – თუ კანცლერის არჩევისას კანდიდატურამ დეპუტატების საერთო რაოდენობის ნახევრის მხარდაჭერა ვერ მიიღო ან კანცლერის მიერ ბუნდესტაგისთვის მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის წარდგენის შედეგად.

როგორც ორგანიზაცია INSA-ს მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, ამჟამად ამომრჩევლებში ყველაზე მაღალი რეიტინგი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას (CDU/CSU) აქვს, რომელიც კვლევას 32%-ით ლიდერობს, ულტრამემარჯვენე AfD-ს 18%, შოლცის SPD-ს 15.5%, მწვანეებს 10.5%, პრორუსულ BSW-ს 8%, FDP-ს 4.5%, მემარცხენეებს კი 3.5%.

კომენტარები