არჩევნები 2024

სააპელაციომ შედეგების ბათილობაზე თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცესკოს მოთხოვნა და გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება ხმის ფარულობის დარღვევის გამო წალკისა და თეთრიწყაროს ელექტრონულ უბნებზე ბიულეტენების ბათილად ცნობისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ. გადაწყვეტილება დღეს, 7 ნოემბერს 22 საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ საიას სარჩელი 4 ნოემბერს დააკმაყოფილა და ორ საარჩევნო ოლქში ხელახალი არჩევნების ჩატარება განსაზღვრა. გადაწყვეტილება ცესკომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის ფარულობის დარღვევაზე არასამთავრობოების სარჩელები.

"სასამართლო განსაკუთრებული მონდომებით ეცადა, რომ ექსპერიმენტი ხელოვნური შეზღუდვებით ჩაეტარებინა და ჩაატარებინა ცესკოს დახელოვნებულ სპეციალისტებს, ანუ იმ ხალხს, ვინც სხვას ასწავლის ბიულეტენის აპარატში მოთავსებას. გარდა ამისა, მან ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.

ამის შემდგომ, ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს" - თქვა ქურდოვანიძემ.

ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასავლეთ საქართველოში ხმის ფარულობის პრონციპი არ დარღვეულა.

"რა თქმა უნდა, სისტემა არ დაუშვებს, რომ განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოების დონეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებაც გამოცხადებულია. თუმცა, ფორმალურად პროცესი გრძელდება და მივყვებით ეტაპებს" - აღნიშნავს საია-ს თავმჯდომარე.

სადამკვირვებლო კოალიციამ ჩემი ხმა 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ს შეადგენს.

კომენტარები