დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

Axios: აშშ-მ ირანი გააფრთხილა, რომ ვერ შეაკავებენ ისრაელს, თუ ირანი მას თავს დაესხმება

ირანის თავდასხმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით, 1-ელი ოქტომბერი, 2024
REUTERS/Amir Cohen

გამოცემა Axios-ი ამერიკელ და ყოფილ ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დღეებში ირანი ისრაელის წინააღმდეგ მორიგი თავდასხმის საწინააღმდეგოდ გააფრთხილა.

"ჩვენ ირანელებს ვუთხარით: ვერ შევძლებთ ისრაელის შეკავებას და ვერ შევძლებთ იმის უზრუნველყოფას, რომ შემდეგი [ისრაელის საპასუხო] იერიში ისეთივე მიზნობრივი და გაწონასწორებული იქნება, როგორც წინა". - განაცხადა აშშ-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემა Axios-ს.

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, გზავნილი აშშ-მ ირანელებს პირდაპირ გადასცა, ხოლო Axios-ის ისრაელელი წყაროების მიხედვით, აღნიშნული გაფრთხილება ირანმა შვეიცარიის შუამავლობით მიიღო.

26 ოქტომბერს ისრაელის მხრიდან ირანის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შემდეგ, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგ "დამანგრეველი საპასუხო რეაქციით" დაიმუქრა.

1-ელ ნოემბერს გამოცემა Axios ისრაელელ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მომდევნო დღეებში, სავარაუდოდ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ირანი ერაყის ტერიტორიიდან ისრაელზე თავდასხმისთვის ემზადება.

მანამდე, 26 ოქტომბრის დილის საათებში, ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. მალევე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, ეს იერიში პასუხი იყო "ბოლო თვეებში ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მხრიდან უწყვეტ თავდასხმებზე". 


1-ელ ოქტომბერს ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიმიტირებული და ლოკალური სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომლის სამიზნეც ტერორისტული ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა იყო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისრაელის მხრიდან წინ უძღოდა ლიბანში საჰაერო იერიშების კამპანია, რომლის ფარგლებშიც ისრაელის არმიას ჰეზბოლას სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე მიჰქონდა იერიში.

მანამდე, სექტემბერში, ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშებისა და თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. 17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას წევრებს ჯერ პეიჯერები, მეორე დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და IDF-ის მეთაურმა განცხადებები გაავრცელეს, რაც ჰეზბოლასთან მიმართებით ვითარების გამწვავებაზე მიანიშნებდა. ხოლო 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთში ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე მიტანილი იერიშის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფების მეთაური, ჰასან ნასრალა დაიღუპა.

რა უნდა ვიცოდეთ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის კონფლიქტის "ახალ ფაზაზე"

კომენტარები