Edison Research 26 ოქტომბრის არჩევნებზე მათ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიმოხილვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ოფიციალურ შედეგსა და ეგზიტპოლებს შორის 13-პროცენტიანი სხვაობა ხმებით მანიპულაციაზე მიანიშნებს.
კომპანია წერს, რომ თავისი ეგზიტპოლების მიმოხილვა არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჩაატარა.
Edison ხაზს უსვამს, რომ 2012 წლიდან ჩატარებული ყველა ეგზიტპოლი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გარდა, ოფიციალურ შედეგს დაახლოებით სწორად ასახავდა და მისგან მნიშვნელოვნად არ იყო აცდენილი.
"Edison საქართველოში ეროვნულ ეგზიტპოლებს 2012 წლიდან ატარებს. Edison-ის ყველა ეგზიტპოლი აქამდე სწორად ასახავდა ოფიციალურად გამოქვეყნებულ შედეგს და აჩვენებდა, რომ ქართული ოცნება გამარჯვებული პარტია იყო. 2024 წლამდე ჩატარებულ 5 ეგზიტპოლში ქართული ოცნების შედეგთან საშუალო სხვაობა 2% იყო.
თუმცა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 54% მოიპოვა, რაც 13 პროცენტით აღემატება 26 ოქტომბრის საღამოს Edison-ის ჩატარებულ ეგზიტპოლის მონაცემებს". - წერია განცხადებაში.
Edison-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტის, რობ ფარმანის თქმით, "13-პუნქტიანი სხვაობა Edison-ის ვარაუდსა და ქართული ოცნების ოფიციალურ შედეგს, 54%-ს შორის ნორმალური ვარიაციით ვერ აიხსნება და ლოკალურ დონეზე ხმებით მანიპულაციაზე მიუთითებს".
"Edison-ის მიმოხილვამ დაადგინა, რომ სტატისტიკურად მოსალოდნელი შედეგებისგან გადახრა გავრცელებული იყო, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილი სოფლებში მდებარე სპეციფიკურ საარჩევნო უბნებზე იყო. ამ ადგილებზე, სავარაუდოდ, საარჩევნო უბნის დონეზე ხმების ყველაზე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ხდებოდა". - თქვა ფარმანმა.
Edison-ის განცხადებაში ასევე ახსნილია, თუ რა პრინციპით და მეთოდოლოგიით ჩაატარა ორგანიზაციამ 26 ოქტომბრის ეგზიტპოლები.
"Edison-ის ეგზიტპოლის მოდელები მონაცემთა წყაროების კომბინაციას იყენებს. Edison-ის ვარაუდები ეყრდნობა კენჭისყრის დღეს ეგზიტპოლების კითხვარებისგან მიღებულ ხმების დაჯამებებს, ყოველ ადგილზე წარსულში ხმების მიცემის ისტორიასა და პასუხების ფარდობის, დემოგრაფიული ჯგუფებისა და წარსული ხმების საფუძველზე აწონით შესწორებებს. Edison-ის კენჭისყრის დღის პროცესი ასევე მოიცავს ინფორმაციის ხარისხის შემოწმებებს საარჩევნო უბნის მიხედვით, რათა ის ინფორმაცია მოსცილდეს ან გადაიწონოს, რომელიც, როგორც ჩანს, ხარვეზიანია ან შეცდომები აქვს, რომლებიც ვარაუდს ნაკლებად აკურატულს გახდის, ეს მოიცავს საარჩევნო მაღალჩინოსნის ჩარევას, ინტერვიუს შეცდომას, ცუდ ამინდს ან გაყალბების მტკიცებულებას.
26 ოქტომბერს ჩატარებულ თავის ეგზიტპოლში Edison Research-მა ხარისხის კონტროლის ზომები მიიღო, რომლითაც იმ საარჩევნო უბნებს აიდენტიფიცირებდა, სადაც ისტორიული ხმის მიცემის კანონზომიერებებთან შედარებისას სტატისტიკური ნორმებისგან მნიშვნელოვანი გადახრა შეიმჩნეოდა". - წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ 2023-24 წელს ჩატარებული გამოკითხვები მიუთითებდა, რომ მმართველი პარტია 2024 წლის არჩევნებზე წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 10 პროცენტით ნაკლებს აიღებდა, ოფიციალური შედეგით კი მას 6 პროცენტით აჯობა.
"Edison-მა 2023-24 წელს ასევე 12 ეროვნული წარმომადგენლობითი გამოკითხვა ჩაატარა. ეს გამოკითხვები აჩვენებდნენ, რომ ქართული ოცნება თავის 2020 წლის შედეგზე 10 პუნქტით ნაკლებს მიიღებდა. საპირისპიროდ, ქართულმა ოცნებამ თავის 2020 წლის შედეგს 6 პუნქტით გადაუსწრო". - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, Edison ხაზს უსვამს, რომ საქართველოს არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების განსაზღვრისას იგივე მოდელები გამოიყენეს, რომელსაც აშშ-ს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოიყენებენ.
"ეგზიტპოლის მოდელები, რომლებიც საქართველოში 2024 წელს იყო გამოყენებული, იგივეა, რაც საქართველოს წინა არჩევნებზე გამოყენებული მოდელები. ეს ასევე იგივე მოდელებია, რომლებსაც Edison Research ABC-სთვის, CBS-სთვის, CNN-სთვისა და NCB-სთვის აშშ-ს მომავალ საარჩევნო ეგზიტპოლებში გამოიყენებს". - წერია განცხადებაში.





