გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიის მოქალაქის, ჯამშიდ შარმაჰდის სიკვდილით დასჯის საპასუხოდ გერმანიაში ირანის სამივე საკონსულო დაიხურება. ირანის საკონსულოები გერმანიის სამ ქალაქში - ფრანკფურტში, ჰამბურგსა და მიუნხენში მდებარეობს.
"ჩვენ არაერთხელ და მკაფიოდ ავუხსენით თეირანს, რომ გერმანიის მოქალაქის სიკვდილით დასჯას სერიოზული შედეგები მოჰყვება".- თქვა ბერბოკმა.
ასევე, ბერბოკის თქმით, გერმანია მოითხოვს სანქციებს ევროკავშირის მასშტაბით იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც შარმაჰდის სიკვდილით დასჯაში მონაწილეობდნენ. მინისტრის თქმით, მათ შორისაა ირანის რევოლუციური გვარდიაც.
როგორც გამომცემლობა DW წერს, ბერბოკმა ირანი მძევლების საკითხის პოლიტიკური თამაშისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ირანი ისრაელისთვის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში გერმანიის მხრიდან მხარდაჭერას შარმაჰდის მკვლელობის გასამართლებლად იყენებს.
"ის ფაქტი, რომ ეს მკვლელობა მოხდა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, იმის მაჩვენებელია, რომ [ირანის] დიქტატორული, უსამართლო რეჟიმი... არ მოქმედებს ნორმალური დიპლომატიური ლოგიკის ფარგლებში. [...] სულაც არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ისტორიულად უმდაბლეს ნიშნულზეა". - თქვა ბერბოკმა.
გერმანიის მოქალაქეობის არ ქონის შემთხვევაში, საკონსულოების დახურვის შედეგად, გერმანიაში ცხოვრების უფლება 32 თანამშრომელმა დაკარგა. მათ ქვეყნის დატოვება მოუწევთ.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანში გერმანიის ელჩმა, მარკუს პოტცელმა ირანის ქმედებების პროტესტის ნიშნად ქვეყანა დატოვა და ბერლინში სამომავლო კონსულტაციებისთვის ჩამოვიდა.
ირანის ხელისუფლებამ 28 ოქტომბერს ირანული წარმოშობის გერმანიის მოქალაქე, 69 წლის ჯამშიდ შარმაჰდი ტერორიზმის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა.
ჯამშიდ შარმაჰდი იყო ირანული წარმოშობის გერმანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, ამავდროულად აშშ-ის რეზიდენტი. ირანის ცნობით, ის ხელმძღვანელობდა "ტერორისტულ" დაჯგუფებას ტონდარს და "ამერიკიდან ირანში შეიარაღებულ და ტერორისტულ აქტებს მართავდა".
გერმანიის პრემიერმინისტრის, ოლაფ შოლცის ცნობით, დაკავებულს სასამართლო პროცესზე თავის დაცვის საშუალება არ მიეცა. გერმანიის მთავრობის მეთაურმა ჯამშიდ შარმაჰდის სიკვდილით დასჯა "მკაცრად დაგმო" და მოკლულის ოჯახს მიუსამძიმრა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანელმა დიპლომატებმა არაერთხელ გააფრთხილეს თეირანი, რომ შარმაჰდის სიკვდილით დასჯას" სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა".
შარმაჰდის სიკვდილით დასჯა დაგმო საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმაც.





