საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით მათი საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში დღეს, 18:00 საათიდან დაიწყება.
"საიამ უკვე წარუდგინა კომისიებს საჩივრები, რომლითაც ითხოვს იმ 2 263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც პროცესი ტექნოლოგიური საშუალებებით ჩატარდა.
ჩვენი იურისტები მზად არიან მტკიცებულებებითა და არგუმენტებით დაამტკიცონ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასობრივად დაირღვა.
პირველ ეტაპზე, საოლქო საარჩევნო კომისიებში ვიდავებთ , ხოლო შემდეგ საქმე საერთო სასამართლოებში გადავა. საიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე". - წერს საია.
გუშინ, 30 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, საია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა.





