არჩევნები 2024

დავითაშვილი ორბანის ვიზიტზე: ესაა მოსახლეობის სწორი არჩევანის პატივისცემა

ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა - უნგრეთის პრემიერმინისტრის, ბატონ ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში. ეს არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი გამარჯვების, რომელიც არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მოიპოვა და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სრული მხარდაჭერა.

ეს არის მათ შორის, პატივისცემა მოსახლეობის სწორი არჩევანის, და ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა.

პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრეთის სამთავრობო დელეგაციას აეროპორტში დახვდა.

ვიქტორ ორბანის ესკორტმა რამდენიმე საათის წინ თბილისი მერიოტიდან რუსთაველის გამზირზე გაიარა - აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ცესკოს გამოცხადებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, უნგრეთის პრემიერს დაუსტვინეს.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საქართველოს მთავრობას დასავლური ქვეყნებიდან მხოლოდ უნგრეთის პრემიერმინისტრმა მიულოცა - ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე, GORBI-ს ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ.

"ვაკრიტიკებთ პრემიერმინისტრ [ვიქტორ] ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. იგი არ საუბრობს ევროკავშირის სახელით" - ნათქვამია ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები