არჩევნები 2024

პუშკოვი არჩევნებზე: შეიძლება, არეულობა იყოს, მაგრამ დასავლეთს "რეჟიმის ცვლილება" ჩაეშალა

ალექსეი პუშკოვი
RT

რუსეთის ფედერალური საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე, ალექსეი პუშკოვი საქართველოში არჩევნების შესახებ წერს, რომ დასავლეთს საქართველოს კოლონიად ქცევა სურდა, მაგრამ "ქართველი ამომრჩევლების უმეტესობა" ამან "არ მიიზიდა". მისივე თქმით, საქართველოში არეულობა "შესაძლებელია". 

"შეიძლება, რომ საქართველოში არეულობა კიდევ იყოს, თუმცა, როგორც ჩანს, დასავლეთს საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით "რეჟიმის ცვლილება", მარტივად რომ ვთქვათ, სრულად ჩაეშალა. "ქართულმა ოცნებამ" მოიგო, 54%-ზე მეტი ხმა მოიპოვა, შესაბამისად აბსოლუტური უმრავლესობა. 

დასავლეთის ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველო თავის ნახევრადკოლონიად ექცია და ევროპული ერების მრავალგენდერიან და "არაბინარულ" ოჯახში ბედნიერად შერწყმას შეპირდა. თუმცა, ამან ქართველი ამომრჩევლების უმეტესობა რატომღაც არ მიიზიდა". - დაწერა პუშკოვმა. 

პუშკოვმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ თქვა, რომ მან ვერ მოახერხა ევროკავშირში გაწევრიანების სიკეთეების საქართველოს მოქალაქეების დარწმუნება. მისივე მტკიცებით, საეჭვოა, ზურაბიშვილი ქართველთა უმრავლესობის განწყობას რამდენად შეესაბამება. 

"თუ სალომე ზურაბიშვილი, ბიბლიური სალომეს მსგავსად, პოლიტიკური "შვიდი ვუალის ცეკვის" ცეკვა ჰქონდა ჩაფიქრებული და ევროკავშირში გაწევრიანების მომხიბვლელობა ქვეყნის მოქალაქეებს შიგადაშიგ აჩვენებდა, მაშინ მას ეს ნამდვილად არ გამოუვიდა. უმრავლესობა ვერ მოხიბლა. ახლა კი, არჩევნების შემდეგ, რომელმაც კვლავ "ქართულ ოცნებას" მოუტანა გამარჯვება, ჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება თვითონ ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ქართველი ერის განწყობებს". - წერს პუშკოვი. 
 

კომენტარები