პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი 24 ოქტომბერს ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან შესახვედრად ჩავიდა. ვიზიტისას ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეობის დროს პოლონეთის ძირითადი ფოკუსი ევროკავშირის გაფართოების საკითხი იქნება.
პოლონეთი ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას უნგრეთისგან იანვარში გადმოიბარებს.
"პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს ჩემი ყურადღების ცენტრში ევროკავშირის გაფართოება და, მათ შორის, სერბეთთან მჭიდრო თანამშრომლობა იქნება". - თქვა მან სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტუსკმა თქვა, რომ მისი პოზიცია ევროპაში სერბეთის ადგილის შესახებ ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა:
"ძალიან სერიოზული ვარ, როდესაც ვსაუბრობ იმ ბალკანეთის ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე, რომლებიც ამით დაინტერესებულნი არიან". - თქვა მან და დაამატა, რომ "ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს სერბეთს, რადგან სერბეთის გარეშე ევროკავშირი სრულყოფილი არ იქნება".
2013 წლის შემდეგ, პოლონეთის პრემიერმინისტრისთვის ეს პირველი ვიზიტია სერბეთში.