ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილს ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა. ნეთანიაჰუს თქმით, "[სინვარის] ლიკვიდაცია მნიშვნელოვანი მიღწევაა ჰამასის ბოროტების ღერძის ჩამოშლის თვალსაზრისით".
"მე დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ, რომ გითხრათ, რომ იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია. ადამიანი, რომელმაც ჩვენი ხალხის ისტორიაში, ჰოლოკოსტის შემდეგ, ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. მკვლელი, რომელმაც ათასობით ისრაელელი დახოცა, ასობით ჩვენიანი გაიტაცა, ჩვენი გმირი ჯარისკაცების მიერ მოკლულია. როგორც დაგპირდით, მასთან ანგარიში გავასწორეთ", - თქვა ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებისადმი მიმართვაში.
ნეთანიაჰუს თქმით, სინვარის მკვლელობის მიუხედავად, ისრაელის მისია დასრულებული არ არის, ვინაიდან ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლები სახლებში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან. პრემიერმინისტრმა მძევლების გათავისუფლებას "ისრაელის და მისი პირადი უზენაესი ვალდებულება" უწოდა.
"დეიფი, ჰანია, სინვარი, ნასრალა, მოსენი, აქილი და მათი ბევრი პარტნიორი ცოცხლები აღარ არიან. ნათელია, ისრაელისთვის და მსოფლიოსთვის, თუ რატომ არ შევწყვიტეთ ომი - რატომ შევედით რაფაში, წნეხის მიუხედავად, სადაც სინვარი და სხვა მკვლელები იმალებოდნენ", - თქვა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ისრაელის თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების სააგენტოს (Shin Bet) მათი სიმამაცისთვის.
"დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა ხდება, როცა ჩვენ ტკივილს გვაყენებენ. დღეს მსოფლიოს ვაჩვენეთ სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე", - აღნიშნა ისრაელის პრემიერმინისტრმა.
თუმცა, ნეთანიაჰუს თქმით, ომი არ დასრულებულა და მანამდე გაგრძელდება, სანამ მტერი საბოლოოდ არ განადგურდება.
"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ აღდგენის ომში ვართ. ჩვენ ისევ ვდგავართ უზარმაზარი გამოწვევების წინაშე. ჩვენ სიცოცხლისუნარიანობა, ერთობა, გამბედაობა და სიმტკიცე გვჭირდება. ერთად ჩვენ ვიბრძვით და ღმერთის წყალობით, ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ", - თქვა ნეთანიაჰუმ მიმართვის დასასრულს.
ცნობისთვის, დღეს, 17 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ 16 ოქტომბერს ღაზის სექტორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ჰამასის ლიდერი, იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია.
ისრაელის თავდაცვის ძალებისა (IDF) და უსაფრთხოების სააგენტო Shin Bet-ის ცნობით, სინვარი ორ ტერორისტთან ერთად სამხრეთ ღაზაში, რაფაში შეიარაღებული შეტაკების დროს მოკლეს. სინვარი უშუალო სამიზნე არ ყოფილა და მისი ცხედარი ისრაელის ჯარისკაცებმა მხოლოდ მეორე დილას, ტერიტორიის შეთვალიერების დროს აღმოაჩინეს.
საბოლოოდ დნმ-ისა და სხვა ტესტირების საფუძველზე დადგინდა, რომ ცხედარი ნამდვილად იაჰია სინვარს ეკუთვნოდა.
სინვარის სიკვდილის დადასტურებას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. მისი თქმით, თქმით, დღეს "კარგი დღეა ისრაელისთვის, აშშ-სა და მსოფლიოსთვის".
"ისრაელს სრული უფლება ჰქონდა ჰამასის ხელმძღვანელობისა და სამხედრო სტრუქტურის გასანადგურებლად. ჰამასს უკვე აღარ ძალუძს 7 ოქტომბრის გამეორება", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.





