აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილის დადასტურებას გამოეხმაურა. აშშ-ს პირველი პირის თქმით, დღეს "კარგი დღეა ისრაელისთვის, აშშ-სა და მსოფლიოსთვის".
"როგორც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ლიდერი, სინვარი პასუხისმგებელია ათასობით ისრაელელის, პალესტინელის, ამერიკელისა და კიდევ სხვა 30 ქვეყნის მოქალაქეების მკვლელობაზე. ის 7 ოქტომბრის ხოცვის, გაუპატიურებებისა და გატაცებების შემოქმედი იყო. სწორედ მისი ბრძანებით შეიჭრნენ ჰამასის ტერორისტები ისრაელის ტერიტორიაზე გამიზნულად და გამოუთქმელი სისასტიკით დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები, ჰოლოკოსტს გადარჩენილები, შვილები მშობლების თვალწინ და მშობლები შვილების თვალწინ. [...] სინვარი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მომხდარზე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე", - წერს ბაიდენი ოფიციალურ განცხადებაში.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ აშშ-ს სპეციალური ოპერაციების მოსამსახურე პერსონალი და დაზვერვის ექსპერტები ისრაელის თავდაცვის ძალების გვერდიგვერდ მუშაობდნენ ჰამასის ლიდერების მისაკვლევად.
"ჩემი ისრაელელი მეგობრებისთვის, ეჭვგარეშეა, რომ ეს შვებისა და მოგონების დღეა, მსგავსი იმ დღისა, როდესაც პრეზიდენტი ობამას ბრძანების შესაბამისად, 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდირება მოხდა.
ისრაელს სრული უფლება ჰქონდა ჰამასის ხელმძღვანელობისა და სამხედრო სტრუქტურის გასანადგურებლად. ჰამასს უკვე აღარ ძალუძს 7 ოქტომბრის გამეორება", - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.
ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბაიდენი პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა ლიდერებს უახლოეს მომავალში გაესაუბრება და მიულოცავს. ასევე, განიხილავს ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების სახლში დაბრუნების და ჰამას-ისრაელის ომის საბოლოოდ დასრულების საკითხებსაც.
"ძალაუფლებაში ჰამასის ყოფნის გარეშე, ღაზაში "[ჰამასის] შემდგომი დღის" [დადგომისა] და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა გამოჩნდა, რაც ისრაელელებისთვისა და პალესტინელებისთვის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს. იაჰია სინვარი უძლეველი წინაღობა იყო ამ მიზნების მიღწევის გზაზე. ეს წინაღობა აღარ არსებობს. თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია", - წერს ჯო ბაიდენი.
ცნობისთვის, დღეს, 17 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ 16 ოქტომბერს ღაზის სექტორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ჰამასის ლიდერი, იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია.
ისრაელის თავდაცვის ძალებისა (IDF) და უსაფრთხოების სააგენტო Shin Bet-ის ცნობით, სინვარი ორ ტერორისტთან ერთად სამხრეთ ღაზაში, რაფაში შეიარაღებული შეტაკების დროს მოკლეს. სინვარი უშუალო სამიზნე არ ყოფილა და მისი ცხედარი ისრაელის ჯარისკაცებმა მხოლოდ მეორე დილას, ტერიტორიის შეთვალიერების დროს აღმოაჩინეს.
საბოლოოდ დნმ-ისა და სხვა ტესტირების საფუძველზე დადგინდა, რომ ცხედარი ნამდვილად იაჰია სინვარს ეკუთვნოდა.





