ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბაიდენის ადმინისტრაციას აცნობა, რომ საპასუხო იერიშის ფარგლებში, ისრაელი ირანში არა ნავთობის სათავსოებს ან ბირთვულ ობიექტებს, არამედ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყამს. ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი 2 ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ სატელეფონო საუბარი აშშ-სა და ისრაელის ლიდერებს შორის 9 ოქტომბერს შედგა.
ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი "აშშ-ს აზრს ითვალისწინებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესის შესაბამისად მიიღებს".
მედიაში აქამდეც გავრცელდა ცნობები, რომ ისრაელი ირანში ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას არ აპირებდა.
8 ოქტომბერს გამოცემა New York Times-ი ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბირთვული ობიექტების ნაცვლად ისრაელის სამიზნე, მეტი ალბათობით, ირანის სამხედრო ბაზები, ან სადაზვერვო, სამმართველო ობიექტები იქნება. თუმცა, ავტორების თქმით, შესაძლებელია, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ისრაელმა მიზანში იმ შემთხვევაში ამოიღოს, თუკი ირანი ისრაელის დარტყმებზე პასუხს გასცემს.
ცნობისთვის, 1-ელ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში ბოლო 6 თვეში უკვე მეორედ მიიტანა. თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ 28 სექტემბერს ბეირუთში ჰეზბოლას მთავარ შტაბზე მიტანილი იერიშის შედეგად დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია იყო.
იერიშის ფარგლებში ირანმა ისრაელისკენ დაახლოებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა ნაწილიც ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ნაწილი კი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.
ამავე წლის 13 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში, რომელსაც თეირანმა ოპერაცია True Promise შეარქვა. იერიშისას ირანმა ისრაელის წინააღმდეგ 350 დრონი და რაკეტა გამოიყენა.





