დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

NYT: ისრაელის საპასუხო დარტყმის სამიზნე, სავარაუდოდ, ბირთვული ობიექტები არ იქნება

ირანის ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სურათის წინ გამართულ სამხედრო გამოფენაზე რაკეტა Shahab-3-ია წარდგენილი, თეირანი, 2008
AP/Hasan Sarbakhshian

გამოცემა New York Times-ის ანგარიშის მიხედვით, არ არის მოსალოდნელი, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმის ფარგლებში ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშს მიიტანს.

ამის შესახებ ანგარიშს ამერიკელი ჟურნალისტი, დევიდ სანგერი, უსაფრთხოების საკითხებში გამოცემის კორესპონდენტი, ერიკ შმიტის და ისრაელელი ჟურნალისტი, რონენ ბერგმანის წერენ.

New York Times-ის მიხედვით, გამოცემასთან მაღალჩინოსნები ანონიმურად აცხადებენ, რომ ბირთვული ობიექტების ნაცვლად ისრაელის სამიზნე, მეტი ალბათობით, ირანის სამხედრო ბაზები, ან სადაზვერვო, სამმართველო ობიექტები იქნება. თუმცა, ავტორების თქმით, შესაძლებელია, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ისრაელმა მიზანში იმ შემთხვევაში ამოიღოს, თუკი ირანი ისრაელის დარტყმებზე პასუხს გასცემს.

NYT-ის ანგარიშში ასევე წერია, რომ ისრაელის ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნები ცნობენ ეჭვებს იმის თაობაზე, აქვს თუ არა ისრაელს საკმარისი შესაძლებლობები, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. ამის მიუხედავად, გამოცემის თქმით, პენტაგონის მაღალჩინოსნები ფიქრობენ იმაზე, ემზადება თუ არა ისრაელი ბირთვულ ობიექტებზე იერიშის დამოუკიდებლად მიტანისთვის.

ანგარიშის ავტორების თქმით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ბოლო დღეებში კამპანია აწარმოვეს, რათა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის დარტყმები გამოერიცხათ, რადგან, მათი თქმით, მსგავსი იერიში, ერთი მხრივ, არაეფექტური იქნებოდა და, მეორე მხრივ, რეგიონს სრულმასშტაბიან ომში გახვევდა.

ჯო ბაიდენმა 2 ოქტომბერს ისრაელი ირანის ბირთვულ ან ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების საწინააღმდეგოდ გააფრთხილა, რადგან, მისი თქმით, ისრაელის პასუხი "პროპორციული" უნდა იყოს.


ბოლო კვირებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 მათგანი მოკვდა და ასობით კი დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილი: 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა, რაც ტერორისტული დაჯგუფებისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია.

მოგვიანებით, 1-ელ ოქტომბერს, ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ხოლო ირანმა ამავე დღეს ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა "დიდი რაოდენობის" განეიტრალებაც ისრაელმა შეძლო.

ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.

IDF-ის ცნობით, ირანის იერიშის შედეგად "ძალიან ცოტა დარტყმა" მოხდა და ამ ეტაპზე, მათი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, რადგან "მოსახლეობა პასუხისმგებლობიანად მოიქცა".

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირობა დადო, რომ ირანის თავდასხმას ისრაელი პასუხს გასცემს: "ამ [სარაკეტო] იერიშს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და ადგილზე ვიმოქმედებთ". - განაცხადა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

კომენტარები