რუსული რეჟიმი

თარგამაძის ავტომობილის აფეთქება, არჩევნებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად - კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დარჩო ხეჩუაშვილის დაკავების ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

11 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი - აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხა მსჯავრდებული დარჩო ხეჩუაშვილი, რომელმაც გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

პროკურატურის მტკიცებით, გივი თარგამაძის მანქანა სააკაშვილის დავალებით ააფეთქეს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად

"ბრალდებულმა, დარჩო ხეჩუაშვილმა მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ მან 2016 წელს დავალება გივი თარგამაძის თვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩართულობით მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება, რაც საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე მომხდარი უმძიმესი აქტი, რომელიც, მაღალი ალბათობით, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად.

ამ დანაშაულში მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის კვალის გამოკვეთა დამაფიქრებელია და გამოძიების განსაკუთრებული ინტერესის საგნად უნდა იქცეს". - თქვა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, "უცნაურია", რომ ხეჩუაშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ე.წ "მწვანე საზღვარი" გადმოკვეთა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას გეგმავდა.

"დაგვეთანხმებით, უცნაურია, რომ პირმა, რომელიც 2016 წელს წინასაარჩევნოდ უმძიმესი პროვოკაციის მოწყობაშია ბრალდებული და რომელსაც საქართველოში 18 წლიანი პატიმრობა ემუქრება, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე, ე.წ. მწვანე საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას გეგმავდა - გონივრულია ვარაუდი, რომ ასეთ ნაბიჯებზე ადამიანი, მხოლოდ შანტაჟის და ანალოგიური დავალების შესრულების მოთხოვნის პირობებში შეიძლება წავიდეს

რადიკალურ ოპოზიციაში, ძალიან კარგად იციან რეალური პარტიული რეიტინგები.

ყველამ იცის, რომ ქართული ოცნების რეიტინგი დაახლოებით 60%-ს შეადგენს და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთი, უმძიმესი, მეცხრე საარჩევნო მარცხისთვის არის განწირული.

ამ ფონზე, მათ პარტიულ ოფისებში არ წყდება საუბარი პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით, რამაც, მათი გათვლით, არჩევნების მიმდინარეობაში კორექტივები უნდა შეიტანოს. 

მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საეჭვო მცდელობის და რადიკალური ოპოზიციის პარტიულ ოფისებში მიმდინარე საუბრების ფონზე, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე ყურადღებით იმუშაონ". - თქვა კობახიძემ

კომენტარები