სომხეთი-რუსეთი

2025 წლიდან რუსი მესაზღვრეები სომხეთი-ირანის საზღვარს დატოვებენ

State Revenue Committee of Armenia

2025 წლის 1 იანვრიდან რუსი მესაზღვრეები სომხეთისა და ირანის საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სამსახურის შესრულებას შეწყვეტენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ფაშინიანის სპიკერი, ნაზელი ბაღდასარიანი ავრცელებს.

"ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური სასაზღვრო ძალები მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი-ირანის და სომხეთი-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვაში, ხოლო სომხეთი-ირანის სახელმწიფო საზღვარზე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამსახური სრულად განხორციელდება სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სასაზღვრო ძალების მიერ". - წერს ბაღდასარიანი Facebook-ზე.

გარდა ამისა, ფაშინიანმა შეხვედრაზე წარადგინა პროგრამა "მშვიდობის გზაჯვარედინი" – ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის ალტერნატივა, რომელიც გადის სომხეთის სიუნიკის რეგიონის ტერიტორიაზე და აზერბაიჯანს მის ექსკლავთან, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან აკავშირებს.

გეგმის მიხედვით, სომხეთზე, თურქეთზე, აზერბაიჯანსა და ირანზე გამავალი სატრანსპორტო კომუნიკაცია რუსეთის მონაწილეობის გარეშე, თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ იფუნქციონირებს.

კომენტარები