ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა 6 ოქტომბერს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინასთან ერთად დრონების განვითარებისთვის $440 მილიონის ინვესტიციას ჩადებს და მომდევნო თვეებში უკრაინას დამატებით F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გადასცემს.
"ომი, რა თქმა უნდა, ყოველ დღე ინტენსიური ხდება, და უკრაინა უფრო მეტ ბრიგადას აყალიბებს, რომლებსაც მხარდაჭერა და სამხედრო აღჭურვილობა სჭირდებათ. ჩვენ გვჭირდება რომ [უკრაინისთვის] უწყვეტი მხარდაჭერის ნაკადი გვქონდეს". - განუცხადა ბრეკელმანსმა Reuters-ს კიევში.
მისი თქმით, დრონების განვითარების სამოქმედო გეგმა უკრაინის ინოვაციასა და ნიდერლანდების ცოდნას გააერთიანებს, რათა ბრძოლის ველზე გამოყენებული ტექნოლოგია გაუმჯობესდეს.
"ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ სხვადასხვა ტიპის დრონებზე, ანუ როგორც სადაზვერვო დრონებზე, ასევე თავდაცვით დრონებზე, მაგრამ ამასთანავე მოიერიშე დრონებზეც, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინას მეტი მოიერიშე დრონები სჭირდება, რათა სამხედრო ობიექტები მიზანში ამოიღოს". - თქვა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.
ბრეკელმანსის თქმით, ინვესტიციის დაახლოებით ნახევარი ნიდერლანდებში დაიხარჯება, დანარჩენი კი უკრაინასა და სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება. ხოლო თუკი პროექტი წარმატებული იქნება, წარმოების მასშტაბის გასაზრდელად დამატებითი ფინანსების გამოყოფაც იქნება შესაძლებელი, დაამატა მან.





