ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი

კრემლის მედიები: საქართველოში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაშვებული შეცდომები აღიარეს

TASS.ru

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება, რომელშიც მან რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება დადებითად შეაფასა, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა, ТАСС-მა და РИА Новости-მ კრემლის პროპაგანდის გასავრცელებლად გამოიყენეს. 

"საქართველოში აღიარეს, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით შეცდომები დაუშვეს". - წერს კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა, ТАСС-ი. 

პროპაგანდისტული მედიები ხაზს უსვამენ, რომ კალაძემ ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპაციურ რეჟიმთან დაშვებული შეცდომები აღიარა და ლავროვის განცხადება, რომელშიც საქართველოს "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან" შერიგებაზე საუბრობდა, დადებითად შეაფასა.

"მერმა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვები საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დალაგებასთან დაკავშირებით დადებითად ხელახლა შეაფასა". - წერს ТАСС-ი. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 28 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს "მეზობლებთან", "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან" შერიგებაში დაეხმაროს.

კალაძემ ეს განცხადება 29 სექტემბერს დადებითად შეაფასა. 

"ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა" - თქვა კალაძემ. 

მოგვიანებით, კალაძემ ლავროვის განცხადება "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებთან" შერიგებაში დახმარებასთან დაკავშირებით 30 სექტემბერსაც ხელმეორედ დადებითად შეაფასა. 

"ვფიქრობ, რომ ყველა აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა. [...] რაც შეეხება შერიგებას, ცუდი რა არის ამ პროცესში? პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ისინი ხელს შეუწყობენ შერიგების პროცესს. ვფიქრობ, რომ ყველა აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი და იმ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, რომელიც დესტრუქციულმა, რადიკალურმა და ბოროტმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა". - თქვა კალაძემ. 

მანამდე, 14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად", რადგან "მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები."

მოგვიანებით, ეს განცხადება კრემლის პროპაგანდისტმა, RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა შეაქო

"საქართველო განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა, თითქოს მრავალწლიანი გადაბმული სმიდან (ორიგინალში - запой) ან ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით, ზოგადად!". - წერს სიმონიანი. 

კომენტარები