"ვფიქრობ, რომ ყველა აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა" - თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებთან" შერიგებაში დახმარებასთან დაკავშირებით.
"რაც შეეხება შერიგებას, ცუდი რა არის ამ პროცესში? პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ისინი ხელს შეუწყობენ შერიგების პროცესს. ვფიქრობ, რომ ყველა აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი და იმ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, რომელიც დესტრუქციულმა, რადიკალურმა და ბოროტმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა.
მათ მეორე ვირტუალური სამყარო შეგვიქმნეს თავის პატრონებთან ერთად და მოჯადოებულ წრეზე გვატარებდნენ. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. განცხადება პოზიტიურია, თუმცა, ამის პარალელურად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აფხაზეთში არის რუსული ბაზები. თუნდაც, დავიწყოთ საუბარი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა. არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ მისი ოცნება არ იყოს ქვეყნის გამთლიანება" - თქვა კალაძემ.
კალაძე ლავროვის განცხადებას გუშინაც პოზიტიურად აფასებდა.
"ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა" - თქვა კალაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 28 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს "მეზობლებთან", "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან" შერიგებაში დაეხმაროს.
მანამდე, 14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად", რადგან "მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები."
მოგვიანებით, ეს განცხადება კრემლის პროპაგანდისტმა, RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა შეაქო.
"საქართველო განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა, თითქოს მრავალწლიანი გადაბმული სმიდან (ორიგინალში - запой) ან ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით, ზოგადად!". - წერს სიმონიანი.