ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი

გალუზინი: ჟენევის დისკუსიების ადგილმდებარეობა შესაცვლელია, შვეიცარიამ ნეიტრალიტეტი დაკარგა

მიხაილ გალუზინი

სამთავრობო მედია ТАСС-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანის მოთხოვნას განაგრძობს, რადგან, მოსკოვის შეფასებით, შვეიცარიამ ნეიტრალური შუამავლის სტატუსი დაკარგა.

"ეს საკითხი არაერთხელ დავაყენეთ, ვაგრძელებთ მის დაყენებას და ამას მომავალშიც აქტიურად და მტკიცედ მოვითხოვთ" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გალუზინის თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ შვეიცარიამ ნეიტრალური სტატუსი დაკარგა მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. გარდა ამისა, მისი თქმით, მოსკოვსა და ჟენევას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა, რომელიც ასევე სანქციების შედეგია, მოლაპარაკებებში დელეგაციების მონაწილეობას ართულებს.

გალუზინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ახალი მოლაპარაკებების პლატფორმის მოძიებას მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არ ითხოვს, არამედ პროცესში მონაწილე "ყველა მხარის კომფორტსაც ითვალისწინებს". მისი თქმით, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე ხუთი დელეგაციიდან სამი - რუსეთი, თვითაღიარებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი - მოლაპარაკებების ადგილის შეცვლას უჭერს მხარს.

"ჩვენი მოკავშირეები მხარს გვიჭერენ. ველით, რომ სამი თანათავმჯდომარე ამ საკითხს სრული სერიოზულობით მოეკიდება" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლიდან ჟენევაში აფხაზეთის, საქართველოს, რუსეთის, აშშ-სა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობით იმართება, გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლების შუამავლობით. დისკუსიები ტრადიციულად ორ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს - უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე.

კომენტარები