ევროკავშირი-რუსეთი-ბელარუსი

ბალტიისპირეთი და პოლონეთი რუსეთთან საზღვრის გაძლიერებისთვის EU-ს დაფინანსებას სთხოვენ

პოლონეთის სამხედროები პოლონეთის შეიარაღებული ძალების დღის ღონისძიებაზე, 15 აგვისტო, 2024
AP Photo/Czarek Sokolowski, File

NATO-ს წევრი ქვეყნები, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გაძლიერებისთვისა და ბუნკერების, ბარიერების, განაწილების ხაზებისა და სამხედრო სათავსების ქსელის აშენებისთვის ევროკავშირს დაფინანსებას მოსთხოვენ.

ქვეყნების თავდაცვის მინისტრები პროექტის დაფინანსების განსახილველად ლატვიის ქალაქ დაუგავპილსში შეხვდნენ. თუმცა, მინისტრებს არ დაუკონკრეტებიათ, ბრიუსელისგან რა ოდენობის თანხას მოითხოვენ.

თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აჩვენა, რომ ბუნებრივ თავდაცვით საფარს მოკლებულ ღია ადგილზე ფიზიკური წინაღობების შექმნა ტექნოლოგიურად განვითარებული ომის დროსაც კი უმნიშვნელოვანესია".

"თავდაცვითი ფრონტის საჭიროება არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარეობს და ტერიტორიის მისადგომებთან მეწინავე თავდაცვის შესახებ NATO-ს ახალ ცნებას ეხმიანება. ამავდროულად, ევროკავშირის უსაფრთხოებასა და მისი საზღვრების სამხედრო თავდაცვას აძლიერებს, ამიტომაც თვალნათლივ ვხედავთ, რომ ამ პროექტს ევროკავშირიც შეიძლება ფინანსურად დაეხმარო". - თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა.

მინისტრების თქმით,  ბალტიისპირეთისა და პოლონეთის საზღვარზე საფრთხეები მატულობს.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ქვეყნის საზღვრის თავდაცვითი ფრონტის შენება 2025 წლიდან სამ ეტაპად იგეგმება, რაც 333-კილომეტრიან საზღვარზე 600-მდე ბუნკერის აშენებას მოიცავს და დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაჯდება.

პოლონეთი მოელის, რომ მისი თავდაცვის ფრონტი 2028-ისთვის მზად იქნება და მასზე 2,3 მილიარდი ევრო დაიხარჯება, ლიტვის მოლოდინით კი მათი საზღვრის გამაგრება 300 მილიონი ევრო დაჯდება.

კომენტარები