მუსიკალური გამოცემა Pitchfork-ის ცნობით, ლეგენდარული ბრიტანული ბენდი The Cure 16-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 სექტემბერს ახალ სინგლს გამოუშვებს. სიმღერა, სახელად Alone (მარტოსული) პირველი სინგლი იქნება ბენდის ახალი ალბომისა - Songs of a Lost World, რომელიც, დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს გამოვა.
სიმღერის მოსმენა ბენდის ფანებს საქართველოს დროით 15:00 საათზე ბრიტანელი ჟურნალისტის, მერი ენი ჰობსის BBC 6 Music რადიოგადაცემაში შეეძლებათ.
The Cure-მა ბოლო ალბომი, 4:13 Dream 2008 წელს გამოუშვა. მას შემდეგ ბენდი მსოფლიო ტურებზე, დაჯილდოების ცერემონიებსა თუ პრესასთან საუბრისას ხშირად მიანიშნებდა, რომ ახალ ალბომზე მუშაობდა.
2019 წელს ბენდის სოლისტმა, რობერტ სმიტმა გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბენდს 19 10-12-წუთიანი სიმღერა ჰქონდა ჩაწერილი და 2 ალბომის გამოშვებას იმავე წლის ზაფხულამდე აპირებდა, თუმცა ეს არ მოხდა. The Cure-ის ფანები უკვე 5 წელია, ახალ ალბომს ელოდებიან.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ბენდის ახალი ალბომი, Songs of a Lost World 1-ელ ნოემბერს გამოვა.





