რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 2022 წლიდან დღემდე, საბჭოთა კავშირის პერიოდში რეპრესირებული და შემდგომში რეაბილიტირებული 14 000 ადამიანის საქმე ხელახლა განიხილა.
პროკურატურამ ხელახალი გამოძიების შედეგად 4000 ადამიანს რეაბილიტაცია გაუუქმა.
შემოწმება ეხებოდა 1990-2000 წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს და შეეხო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამშობლოს ღალატის მუხლით დახვრეტილ და გადასახლებულ ადამიანებს.
უწყების მტკიცებით რეაბილიტაცია გაუუქმეს ვერმახტისა და ესესის წევრი საბჭოთა მოქალაქეებს, ე.წ. ბენდეროველებს, ვლასოველებს და სხვა საბჭოთა მოქალაქეებს, რომლებიც ნაცისტური გერმანიის სამსახურში იყვნენ.
რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საკითხი 2015 წლიდან გენერალური პროკურატურის მეთვალყურეობის ქვეშ არის. 2024 წელს მთავრობამ რეპრესიების აღწერის საბუთებიდან ამოიღო სიტყვა "მასიური".
საბჭოთა პერიოდში, ძირითადად 1930-იან წლებში რეპრესიები მილიონობით ადამიანს შეეხო. იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ რეპრესირებულთა ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო.