პუტინის რუსეთი

მოსკოვში Wildberries-ის ოფისთან სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 7 - დაშავდა

Mikhail Klementyev

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 18 სექტემბერს მოსკოვში, კომპანია Wildberries-ის სათავო ოფისში, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც, კომპანიის თქმით, შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელსაც კომპანიის დამფუძნებლის, ტატიანა ბაკალჩუკის ყოფილი ქმარი, ვლადისლავ ბაკალჩუკი უძღვებოდა, შენობაში შესვლა ძალით სცადა.

Wildberries-ი რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ ვაჭრობის კომპანიაა.

რუსული სამართალდამცავი ორგანოების თქმით, ისინი მომხდარს იძიებენ. რუსული გამოცემა Interfax-ის ცნობით, სროლის შედეგად ასევე ორი პოლიციელიც დაიჭრა, ხოლო თითქმის 30-მდე პირი დააკავეს.

გავრცელებული ცნობებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადისლავ ბაკალჩუკის წინამძღოლობით კაცების ჯგუფმა შენობაში შესვლა სცადა.

რუსული პროპაგანდისტული მედია Mash-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დაპირისპირების კადრები ჩანს, რასაც სროლისა და ყვირილის ხმები მოჰყვა.

ვლადისლავ ბაკალჩუკის მტკიცებით, მას და მის "გუნდს" თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც კომპანიის სათავო ოფისში "საწყობის მშენებლობის საკითხზე მოსალაპარაკებლად" მივიდნენ. თუმცა, ტატიანა ბაკალჩუკმა ეს უარყო და განაცხადა, რომ "მსგავს მოლაპარაკებებზე შეთანხმება არ ყოფილა".

კომპანიაში არსებული დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაფხულში Wildberries-მა კომპანია Russ Group-თან გაერთიანება დააანონსა, რითაც ახალი ციფრული სავაჭრო პლატფორმა RWB უნდა შეიქმნას. გაერთიანების ფარგლებში Russ Group-ის რობერტ მირზოიანი RWB-ს მთავარი დირექტორ-ხელმძღვანელი გახდება, ხოლო ტატიანა ბაკალჩუკი გენერალური დირექტორი.

რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, მაქსიმ ორეშკინს ორ კომპანიას შორის დადებული შეთანხმების შესრულების პროცესზე ზედამხედველობა დაევალა. კრემლის თქმით, გაერთიანების გეგმამ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერაც მოიპოვა, თუმცა, კრემლში განაცხადეს, რომ პუტინი პროცესში არ ჩაერეოდა.

ბიზნეს სამყაროში არსებული შეთანხმება, რომელსაც ვლადისლავ ბაკალჩუკი ეწინააღმდეგება, "უცნაურად" დაახასიათეს, რადგან იგი თანასწორთა გაერთიანებად წარმოაჩინეს იმის მიუხედავად, რომ Wildberries-ი კომპანია Russ Group-ს სიდიდით თითქმის 20-ჯერ აღემატება.

ტატიანა და ვლადისლავ ბაკალჩუკებს შორის დაძაბულობა ივლისში მომხდარი განქორწინების შემდეგ გაიზარდა. ვლადისლავმა, რომლის თქმითაც Russ Group-ის მიერ "კომპანიის შთანთქმა" მიმდინარეობს, დასახმარებლად საჯაროდ ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მიმართა.

ამასთანავე, დამოუკიდებელი რუსული მედია Проект-ის ცნობით, 18 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებაში საბრძოლო კლუბ Ахмат-ის მებრძოლიც იღებდა მონაწილეობას. Wildberries-ის ოფისთან მომხდარი სროლის დროს კი, სულ მცირე, სამი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი დაშავდა, რომლებიც მოსკოვში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან იყვნენ ჩასული.


2023 წლის ნოემბერში სამართალდამცავებმა მსხვილ ონლაინ მაღაზია Wildberries დახარისხების ცენტრში რეიდი მოაწყო. დაკავებული რამდენიმე ასეული ადამიანი სამხედრო მოქმედებების ზონაში გადაიგზავნა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, რეიდის შემდეგ, ჯარში წაყვანის შიშით, სამსახურში 8000-დე თანამშრომელმა შეწყვიტა სიარული.

რუსეთში მცხოვრები მიგრანტები, იგივე გასტარბაიტერები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ძირითადად ცენტრალური აზიიდან არიან.

კომენტარები