რუსეთი

დაკავებულების კომისარიატში წაყვანას აპირებენ – რეიდი რუსეთის უდიდეს ონლაინ მაღაზიაში

ფოტო საწყობის მიმდებარე ტერიტორიიდან
BAZA

24 ნოემბრის გამთენიისას რუსეთის პოლიციამ მოსკოვის ოლქის ელექტროსტალში მდებარე Wildberries-ის დახარისხების ცენტრში მომუშავე მიგრანტების შესამოწმებლად რეიდი მოაწყო.

Wildberries-ი რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ ვაჭრობის კომპანიაა.

როგორც ტელეგრამ-არხი Mash-ი წერს, პოლიციელები ამოწმებდნენ საწყობის თანამშრომლების პასპორტებსა და სამხედრო მოვალეობებს. ხოლო ტელეგრამ-არხი BAZA-ს ცნობით, Wildberries თანამშრომლებით პოლიციამ და როსგვარდიამ, სულ მცირე, ორი ავტობუსი გაავსო და მათ სამხედრო კომისარიატებში წაყვანას აპირებენ. თანამშრომლებს არ შეუძლიათ ტერიტორიაზე შესვლა ან გასვლა.

რუსულ მედია РБК-სთან საუბარში Wildberries-ის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მოსალოდნელია ტვირთის გადაზიდვის შეფერხება. მათივე თქმით, პოლიციასთან თანამშრომლობენ და აკეთებენ ყველაფერს, რათა მიწოდება ძველებურად გაგრძელდეს.

მოგვიანებით კომპანიაში განმარტეს, რომ შემოწმების გამო 8 000-მდე ადამიანი სამსახურში მისვლას ვერ ახერხებს.

"კლიენტებს გამყიდველთა ასიათასობით საქონელი ვერ მიეწოდებათ. ეს სიტუაცია აქტიური სეზონის დროს კომპანიებს მილიარდობით ზარალით ემუქრება". – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები