ეროვნული ბანკი ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ნათია თურნავას ბრძანების თანახმად, "საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი". ამასთან ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ "ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად".
"როოგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოში მოქმედი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები იცავენ საერთაშორისო სანქციათა მოთხოვნებს. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით განისაზღვრა საერთაშორისო საფინანსო სანქციების შესრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები.
კერძოდ, აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, აღსასრულებელ სანქციებთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპი მითითებულია ზემოაღნიშნულ ბრძანებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის ცალკეული მონაწილის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ისე საკუთარი რეგულაციების და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების პროცესს.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად“,- ნათქვამია განცხადებაში.
16 სექტემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში.
განცხადების მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა სანქციები საქართველოს ხელისუფლების ორ თანამდებობის პირს, - შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად "ხარება" ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურსდაუწესა, "რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში".
ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობრივი თავდასხმების გამო, სანქციები ასევე დაუწესდა ძალადობრივი ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ქართველ ლიდერს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 2023 წლის 19 სექტემბერს შეიტანა. საგამონაკლისო წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ცვლილება აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვის შემდეგ მიიღეს.
მეორე დღეს კომერციულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში დარჩებიან. ამაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ თქვა, რომ "ქართულ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს," რადგან კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. თუმცა, მისი მტკიცებით, საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით სებ-ს ქართულ ბანკებთან "სრული სინერგია" ექნება.
მოგვიანებით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ კომერციული ბანკები სწორად მოიქცნენ, როცა თქვეს, რომ ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების.
"იმის გამო, რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა, აუცილებლობა გაჩნდა, რომ მათ კიდევ ერთხელ საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ ისინი ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების. შეგახსენებთ, რომ როდესაც მეც მქონდა ბრიფინგი და პირველი კომუნიკაცია, იმით დავიწყე, რომ ვიყავით და ვრჩებით საერთაშორისო სანქციების ერთგული, ჩვენ ასევე ვიცით და პატივს ვცემთ იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც თითოეულ ბანკს გააჩნია თავის საერთაშორისო პარტნიორებთან. - თქვა ნათია თურნავამ.





