15 სექტემბერს ცენტრალურ ევროპაში ძლიერი წვიმის შედეგად პოლონეთში ერთი ადამიანი დაიხრჩო, ავსტრიაში სამაშველო სამუშაოების დროს ერთი მაშველი დაიღუპა და ჩეხეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ავსტრიის ვიცეკანცლერმა ვერნერ კოგლერმა X-ზე დაწერა, რომ დატბორვასთან გამკლავების მცდელობისას ერთი მეხანძრე დაიღუპა, ხოლო ხელისუფლებამ დედაქალაქ ვენის გარშემო პროვინცია უბედურების ზონად გამოაცხადა.
ამასთანავე, პოლონეთის ქალაქ გლუხოლაზში დატბორვის შედეგად ხიდი ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთ მთიან დასახლებაში, სადაც კაშხალი გასკდა, ხიდის ჩამონგრევასთან ერთად წყალმა სახლიც წაიღო.
ამას გარდა, რუმინეთში ციკლონი "ბორისის" ფარგლებში ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია. 14 სექტემბერს რუმინეთში სტიქიის შედეგად დაღუპული ოთხი ადამიანის ცხედარიც იპოვეს.
გავრცელებული ცნობით, სტიქიური უბედურება ყველაზე ძლიერად ჩეხეთისა და პოლონეთის ზოგიერთ რეგიონს შეეხო, სადაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი დატბორვა მოხდა.
შედეგად, ჩეხეთში დასახლებების ევაკუაცია გახდა საჭირო, ხოლო 250 000-მდე სახლი ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა.
ინტერნეტში ასევე სტიქიური უბედურების ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა: