ქართული ოცნების რუსული პოლიტიკისა და რუსული კანონის გამო, ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია და აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საფრთხის ქვეშ დგას. ეს გუშინ, აშშ-ს სენატში საქართველოს საკითხზე გამართულმა მოსმენამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, სადაც ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს, კრემლს ემსახურება და არა საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესებს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყოველდღიურად იმატებს იმ გაჩერებული პროექტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.
ეს იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე საქართველო და მისი მოქალაქეები დემოკრატიული სამყაროსგან განწირულები იქნებიან იზოლაციისა და ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებისთვის. 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა სწორედ სენატის გუშინდელი მოსმენის დროს, რომელმაც საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესები მთლიანად აირეკლა და აჩვენა, რომ რუსეთის მსახური მთავრობის პირობებში, ქვეყანას მომავალი არ ექნება.