არჩევნები 2024

რიში: ქართველებს ოქტომბერში ექნებათ შესაძლებლობა, მოაშორონ თაღლითები და მომავალი ხელში აიღონ

Bloomberg.com

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსმა წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიშმა კომიტეტში მოსმენაზე თქვა, რომ თუ ქართველებს თუ ეს მართლა სურთ, ოქტომბერში ექნებათ შესაძლებლობა, "თაღლითები მოაშორონ და მომავალი საკუთარ ხელში აიღონ".

რიშმა აღნიშნული კომენტარი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მოსაზრების პასუხად გააკეთა. მანვე თქვა, რომ სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება.

რიში: ქალბატონო გიგაურო, რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან, რადგან ამ ყველაფერს შორიდან ვაკვირდებით 2012 წლიდან და ვხედავთ უკუსვლას. არ გვესმის ეს. თქვენს ქვეყანაში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ისე ჩანს, რომ მმართველობის რუსული ფორმის გაძლიერებისკენ და რუსული სტილის რეპრესიებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამთ. უბრალოდ, არ გვესმის ეს.

თქვენ გათავისუფლდით რუსეთისგან, რატომ მიდის ქვეყანა ისევ მისი მიმართულებით? ჩვენ ვუყურებთ საქართველოს და ვადარებთ ბალტიისპირა ქვეყნებს. ისინიც პატარა სახელმწიფოები არიან. ამ ქვეყნებში ხალხი ერთიანია, ძლიერია, არ ეშინიათ, ჩვენგან დახმარებას იღებენ, არაფერი სურთ რუსეთთან, არანაირი ფორმით. და ჩვენ გვყავს საქართველო, რომელშიც შეიჭრა რუსეთი, წაართვა ორი ტერიტორია და ოკუპირებული აქვს. რატომ არის ამდენი ადამიანი თქვენთან, რომელსაც, როგორც ჩანს, რუსეთის კომუნისტური და სოციალისტური ცხოვრების წესის დაბრუნება უნდათ.

გიგაური: ვფიქრობ, დეზინფორმაციის მიუხედავად, რომელსაც წლებია ვაკვირდებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ კანონებზე, მაგრამ სანამ კანონებს დააინიცირებენ, არის ძალიან მძიმე დეზინფორმაციის კამპანია. აქ შეხვდებით მესიჯებს, რომლებიც რუსეთში შეიქმნა 2012 წელს. მაგალითად, თითქოს, ლიბერალური ჯგუფები ოჯახური ღირებულებების, ან ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არიან; რომ ყველა ადამიანს, ვინც NGO საზოგადოებისთვის მუშაობს, ყველაფერი ეროვნული სძულს; რომ NGO-ებს მხოლოდ ლგბტ უფლებები ადარდებთ.

ეს ძალიან მძიმე კამპანიაა. ისინი თამაშობენ ქართველების გულებითა და გონებით. პარალელურად, ქართულ ანტიდასავლურ და პროსახელისუფლებო მედიაში ყოველთვის ნახავთ მესიჯს, რომ დასავლეთში პრობლემებია, დესტაბილიზაციაა, ხალხი საშინლად ცხოვრობს. რუსეთის მსგავსად. არსებობს ტრენდი, რომ, თითქოს, დასავლეთში არ ადარდებთ ოჯახები, ბავშვები. ეს ყველაფერი განუწყვეტლივ, წლების განმავლობაში ხდება.

შეიძლება მთავრობამ პირდაპირ არ უთხრას ხალხს, რომ დასავლეთი ცუდია, მაგრამ დეზინფორმაციით ისინი ცდილობენ მათში ეჭვის გაჩენას, ღირს თუ არა დასავლეთისკენ სვლა. მაგრამ უმრავლესობა, მხარს უჭერს [ევროატლანტიკურ ინტეგრაციას].

რიში: დღევანდელ მსოფლიოში ხელმისაწვდომ ინფორმაციასთან ერთად, ყოველთვის ჩნდება დეზინფორმაციაც. ამერიკაში ჩვენ გვჯერა, რომ თუ ყველაფერს, ყველა ფაქტს მაგიდაზე დადებ, ჭკვიან ხალხი, ან თუნდაც, ნახევრად ჭკვიანი ხალხი მალევე გააცნობიერებს, რომ დემოკრატია ავტოკრატიას გაცილებით ჯობია. რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, ამ სახის დეზინფორმაციას, აქაც ვხვდებით, მაგრამ მისი ეფექტი მინიმალურია.

იმედს მაძლევთ, როდესაც ამბობთ, რომ უმრავლესობას სწორი რამის გაკეთება სურს. გეტყვით, რომ დავაკვირდებით არჩევნებს მომავალ თვეში. სენატორი შაჰინი და მე შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით იმით, რაც ვნახეთ [2012 წელს].რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთი დამკვირვებლები არ ვიყავით, იქ იყვნენ მთელი მსოფლიოდან. ბევრი აკვირდებოდა არჩევნებს ევროპიდანაც. ეს იყო ყველაზე გამართული არჩევნები, რაც მინახავს და მე ბევრი არჩევნები მინახავს. მართლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი იმით, როგორც ის ჩატარდა.

თუ მართალია, რასაც ქართველ ხალხზე და იმაზე ამბობთ, რაც მათ სურთ, მათ ოქტომბერში ექნებათ შესაძლებლობა, რომ თაღლითები მოაშორონ და მომავალი საკუთარ ხელში აიღონ. ახლოდან დაგაკვირდებით, ვილოცებთ თქვენთვის, იმედია ეს იმუშავებს.

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტში მოსმენა გაიმართა "ანტი-NGO კანონებსა და დემოკრატიის ჩახშობის სხვა მეთოდებზე". მოსმენაზე განიხილეს საქართველოს საკითხიც. გიგაური კომიტეტში მოწმის სახით იყო მიწვეული.

კომენტარები