არჩევნები 2024

მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა მეორე ვადით - პრეზიდენტის ინტერვიუ Le Figaro-სთან

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili/Facebook

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, რუსული კანონის მიღებასა და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა. მანვე ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ ხედავს საკუთარ მომავალს პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ უპასუხა, რომ პასუხისმგებლობის აღებისთვის და მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის მზადაა.

"მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან". - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს დაუსვეს კითხვები რუსული კანონის, მის მიღებით ქართული ოცნების განზრახვებისა და პროცესებში მოსკოვის შესაძლო ჩართულობის შესახებ. კითხვაზე "ხომ არ ვართ საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობის მოწმენი?", ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "ეს ამაზე მეტია".

"საქართველო ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით. "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს ტყუილად არ შეერქვა "რუსული კანონი": სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს. საქართველოს მთავრობა ცდილობს ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. მოსახლეობამ გასულ გაზაფხულს, მასობრივი დემონსტრაციებით უარი უთხრა ამ კანონსა და ამ მიმართულებაზე, რომლის თავსმოხვევასაც ცდილობენ. ახლა მათ ეს არჩევნებზე უნდა დაამტკიცონ. [...]

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ. ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ, დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ თავდასხმებმა სისტემატიური სახე მიიღო. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა,- ძნელი სათქმელია. მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა". - უთხრა ზურაბიშვილმა Le Figaro-ს.

ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მომდევნო პერიოდის შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. ჟურნალისტმა დასვა კითხვები, რატომ ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ასეთი მნიშვნელობისაა და შეიძლება თუ არა, რომ საქართველოში საქმე "ძალიან ცუდად წავიდეს" და "სისხლი დაიღვაროს".

"არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ, ეს ჩემი როლი არ არის, მაგრამ რისი თქმაც მტკიცედ შემიძლია ისაა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50%, ან 60%. მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან. [...]

საუკუნეებია ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს თავის კულტურასა და ღირებულებებში ატარებს. 1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პროცესი პოლიტიკური გახდა და სხვადასხვა მთავრობა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაზე მუშაობდა, 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი. პარადოქსი ისაა, რომ საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროპასთან და ეს გარკვეული ძალების მიერ არჩეული მომენტია, რომ გაეწყვიტა ეს ჩვენი ღრმა მისწრაფება. მომენტის ისტორიული ხასიათის გაცნობიერება იმდენად ძლიერია, რომ როგორც სტატისტიკა აჩვენებს, 2024 წლის პირველ ექვს თვეში ახალგაზრდების ქვეყნიდან წასვლის რაოდენობა შემცირდა: მათ იციან, რომ აქ უნდა იბრძოლონ, რათა საქართველომ ხელიდან არ გაუშვას თავისი ევროპული ბედი. ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალზე". - თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ქართული ქარტიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პუნქტები ევროპულ რეკომენდაციებს ეფუძნება.

"ქართული ქარტია" ეფუძნება ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფარგლებში საქართველოსთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში, წარდგენილ ევროპულ რეკომენდაციებს. რეკომენდაციები, რომლებიც ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და ზოგადად, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, "საარჩევნო კოდექსის" რეფორმას. ის ითვალისწინებს ბოლო წლებში მიღებული ისეთი კანონების გაუქმებას, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირთან დაახლოებას, უგულებელყოფს "საქართველოს კონსტიტუციის" 78-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ინსტიტუტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. იდეა ისაა, რომ მომავალი გაზაფხულისთვის შესაძლებელი იყოს ევროკავშირისათვის იმის ჩვენება, რაც გაკეთდა, რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად, რათა მივიღოთ წევრობის მოლაპარაკებების გახსნის უფლება". - აღნიშნა მან.

არჩევნებისთვის ხელისუფლების მზადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ქართული ოცნებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის, "მაქინაციებს, როგორიცაა დაბრკოლებების შექმნა, რათა ხელი შეეშალოს დიასპორას ხმის მიცემაში, რომელიც ამომრჩეველთა დაახლოებით, მესამედს წარმოადგენს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქართველების შიშებზე გათვლილი პროპაგანდა - ომი თუ ლგბტ საკითხი".

კითხვაზე, რას ელის საფრანგეთისა და ევროკავშირისგან, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მათ კიდევ უნდა გაიმეორონ, რომ "რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეწინააღმდეგება ევროპულ გზას" და დასძინა, რომ სანქციების მომხრე დიდად არ არის.

"თქვან და გაიმეორონ, რომ ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეწინააღმდეგება ევროპულ გზას. ეს გადის ამ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონისა და სხვა კანონების გაუქმებაზე. მე დიდად არ ვარ სანქციების მომხრე. ეს შეიძლება ცუდად იყოს ინტერპრეტირებული მოსახლეობის მიერ, ეს არ უშლის ხელს, გამოცხადდეს რა მოხდება არჩევნების შემდეგ, თუ დადასტურდა პრორუსული ორიენტაცია". - თქვა მან.

კომენტარები