"დაგვიანებული სამართალი იქნება წართმეული სამართალი". - ოპოზიციონერი დეპუტატები, ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თამარ კორძაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, რათა ქვეყანამ ევროინტეგრაციისკენ სვლა კვლავ განაგრძოს.
"მინდა მკაფიოდ ვუთხრა სასამართლოს - ყოველი დღე, ყოველი საათი, როდესაც თქვენ არ აჩერებთ ამ ქვეყანაში რუსული კანონის მოქმედებას, გაჩერებულია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. თქვენ, ისევე როგორც ნებისმიერ კონსტიტუციურ ორგანოს, გაკისრიათ ვალდებულება, რომ მიიღოთ ყველა ზომა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის და ხართ ვალდებულნი, რომ დროულად მიიღოთ გადაწყვეტილება რუსულ კანონთან დაკავშირებით. ძალიან დიდ ფასს იხდის ჩვენი ქვეყანა ყოველი დღე, როდესაც ცხოვრება გრძელდება არა ქართული კონსტიტუციით, არამედ რუსული კანონით ცხოვრებას.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა, ამ ქვეყნის ათიათასობით მოქალაქის წინაშე, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე და კიდევ ერთხელ გითხრათ – დაგვიანებული სამართალი იქნება წართმეული სამართალი. ამიტომ, აღასრულეთ კონსტიტუციის 78-ე მუხლი და იმოქმედეთ საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად". - თქვა ნაცვლიშვილმა.
"წამმზომი ჩართულია. ჩართულია ორივე მიმართულებით, ჩვენი სახელმწიფოს ევროინტეგრაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტა და ასევე, თავისუფალი სივრცეების განადგურების ნაწილში. ნუ გავაგრძელებთ იმ გზას, რაც რუსეთში არის დღეს. იმ ტოტალიტარიზმს ნუ ჩავყვებით, რაც არის რუსეთში.
ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება იმიტომ, რომ გვაქვს უმძიმესი პრეცედენტები, როდესაც ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ საქართველოს დავა მოუგო. მე მას ამას ვულოცავ, მაგრამ ჩვენ წინ უარესი გველოდება წინ, იმიტომ რომ ამ კანონის ყოველწუთიერი მოქმედება უმძიმეს დარტყმას აყენებს თავისუფალ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და თითოეულ ადამიანს ამ ქვეყანაში". - აღნიშნა კორძაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელების 3-დღიანი განხილვა 1 სექტემბერს დასრულდა.
სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელებს წარმოებაში და დაიწყება თუ არა საქმის არსებითი განხილვა.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ 5 სარჩელი შევიდა - საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატების, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის.