რუსული რეჟიმი

TI: ოცნების შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, ქართული ოცნების შემწირველის, ალექსანდრე ბაღათურიას კომპანიას, შპს ახალ ბულვარს ბათუმის მერიამ 2021 წლის 1 სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით 8339 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოდრომი გადასცა.

როგორც TI წერს, ალექსანდრე ბაღათურია ქართული ოცნების შემწირველია, რომელმაც ოცნებას და მის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს 2016 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ჯამში 253 000 ლარი შესწირა - TI-ის თქმით, ალექსანდრე ბაღათურია ბოლო შემოწირულობა ქართული ოცნების მიმართ 2024 წლის 6 აგვისტოს ფიქსირდება, რომელიც ჯამში 15 000 ლარს შეადგენს.

TI-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე კარტინგის კლუბი მოაწყო, რომელიც კომერციულ საქმიანობას 2023 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, უკანონოდ აგრძელებს.

"მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა კომპანიას 2023 წლის 1 სექტემბერს  ამოეწურა, თუმცა კარტინგის კლუბი დღემდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. უფრო მეტიც, შპს „ახალი ბულვარი” 2024 წლის 25 მარტამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უზუფრუქტის წესით მოსარგებლედ იყო რეგისტრირებული და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ ჩვენი მიმართვის შემდეგ დაიწყო ორგანიზაციულ-სამართლებრივი პროცედურები მოცემული ჩანაწერის გასაუქმებლად

საჯარო წყაროებით ვერ მოვიძიეთ ამ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ავტოდრომის  სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. 2024 წლის 23 თებერვალს მივმართეთ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წლის 11 მარტს გვაცნობა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე გაცემული სარგებლობის უფლების ვადა 2023 წლის 1 სექტემბერს ამოიწურა და მიმდინარე წლის 11 მარტის მდგომარეობით ის სარგებლობაში არ არის გაცემული. ამ პასუხმა დაადასტურა ჩვენი ვარაუდი, რომ პოლიტიკური შემწირველის კომპანია უკანონოდ სარგებლობს  მუნიციპალური ქონებით". - წერია TI-ის განცხადებაში. 

კომენტარები