დონეცკის ოლქში, ტორეცკის რაიონის მიმართულებით გამწვავებული სიტუაციის ფონზე, სპეციალური დანიშნულების მე-12 ბრიგადა აზოვი სოფელ ნიუ-იორკის მახლობლად მიმდინარე ბრძოლებში ჩაერთო.
"ტორეცკის მიმართულებით ტაქტიკური ვითარების გაუმჯობესების მიზნით სპეციალური დანიშნულების მე-12 ბრიგადა აზოვი ჩაერთო თავდაცვით და შეტევით მოქმედებებში უშუალოდ ნიუ-იორკის დასახლებულ პუნქტსა და მის შემოგარენში." – წერს ბრიგადა.
აზოვის ცნობის მიხედვით, სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება, თუმცა ვითარების გამოსწორება შეძლეს.
"საბრძოლო მოქმედებებში ბრიგადის ჩართვის მომენტში ამ მიმართულებით საბრძოლო შეხების ხაზზე სიტუაცია კატასტროფული იყო. თუმცა, ბრიგადა აზოვის მებრძოლების მაღალი საბრძოლო სულისკვეთების, სიმამაცისა და პროფესიონალიზმის წყალობით მოხერხდა სიტუაციის სტაბილიზაცია, ნიუ-იორკის ნაწილის დაბრუნება და მტრის მიერ ალყაში მოქცეული თავდაცვის ძალების განბლოკვა. ახლა სიტუაცია დაძაბული რჩება. დღე-ღამეში რუსები ბრიგადის პასუხისმგებლობის ზონაში 15 შტურმს ატარებენ. თუმცა, მძიმე ბრძოლების მიუხედავად, ჩვენი მებრძოლები თავდაცვას აგრძელებენ და წარმატებით მიაქვთ კონტრიერიშები." – წერს აზოვი.
ბრიგადა მედიებს სთხოვს, რომ არ ენდონ რუსულ პროპაგანდას.
რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში რამდენიმე მიმართულებით დაწინაურება შეძლეს. ერთ-ერთი განსაკუთრებული მძიმე მონაკვეთი ტორეცკის მიმართულება იყო. რა მდგომარეობა იყო ფრონტის ხაზზე აგვისტოს ბოლოს, წაიკითხე აქ – პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებით რთული ვითარებაა, რუსი სამხედროები წინ მიიწევენ.





