უკრაინის მინისტრთა კაბინეტი

უკრაინის მინისტრთა კაბინეტს 9 ახალი წევრი ჰყავს

Epravda.ua

5 სექტემბერს უკრაინის რადამ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები დაამტკიცა. თანამდებობა დატოვა კაბინეტის 6-მა წევრმა, ახალ პოსტებზე კი 9 ადამიანი დაინიშნა.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები არიან:

საგარეო საქმეთა მინისტრი

ანდრიი სიბიგა

დმიტრო კულება საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მისმა პირველმა მოადგილემ, ანდრიი სიბიგამ ჩაანაცვლა. 

სიბიგა დიპლომატი და იურისტია, რომელიც თურქეთში უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი იყო. 2021-2024 წლებში იკავებდა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მოადგილის თანამდებობას. 2024 წლის აპრილში გახდა კულებას პირველი მოადგილე.

იუსტიციის მინისტრი

ოლგა სტეფანიშინა

დენის მალიუსკა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ოლგა სტეფანიშინამ შეცვალა. 

სტეფანიშინა ამავდროულად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებს.

უკრაინის ტერიტორიული აღდგენის საკითხებში ვიცეპრემიერი

ალექსეი კულება

რადამ უკრაინის ტერიტორიული აღდგენის საკითხებში ვიცეპრემიერის თანამდებობაზე ალექსეი კულება დანიშნა. 

გასული წლიდან კულება ერმაკის ოფისში მოადგილის თანამდებობას იკავებდა. იქამდე იყო კიევის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სვეტლანა გრინჩუკი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე რუსლან სტრელეცი სვეტლანა გრინჩუკნა ჩაანაცვლა.

გრინჩუკი 2022 წელს იმავე სამინისტროში ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. შემდეგ იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

სპორტის მინისტრი

მატვეი ბედნი

რადამ სპორტის მინისტრის პოსტზე იქამდე მოვალეობის შემსრულებელი მატვეი ბედნი დაამტკიცა. 

ბედნი ყოფილი ბოდიბილდერი, უკრაინის სამგზის ჩემპიონია. სხვადასხვა დროს მუშაობდა მწვრთნელად, იურიდიული კომპანიის ხელმძღვანელად, გაყიდვების მენეჯერად.

კულტურის მინისტრი

ნიკოლაი ტოჩიცკი

კულტურის ახალი მინისტრი ნიკოლაი ტოჩიცკი გახდა. წარსულში ტოჩიცკი იყო ბელგიაში უკრაინის ელჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის ოფისის თავმჯდომარის მოადგილე.

ვეტერანების საქმეთა მინისტრი

ნატალია კალმიკოვა

ვეტერანების საქმეთა მინისტრის პოსტზე ნატალია კალმიკოვა დაინიშნა. 

2021 წელს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მრჩეველი გენდერულ საკითხებში, 2021-2023 წლებში უკრაინის ვეტერანთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. მინისტრად დანიშვნამდე იკავებდა სოციალურ საკითხებში თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრი

გერმან სტეპანინი

მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრის პოსტი უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის გენერალური დირექტორი გერმან სმეტანინმა დაიკავა. იქამდე თანამდებობას ალექსანდრ კამიშინი იკავებდა.

აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი

ვიტალი კოვალი

რადამ აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის თანამდებობაზე ვიტალი კოვალი დანიშნა. 

კოვალი როვენის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. დაწინაურებამდე უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის მეთაურის თანამდებობას იკავებდა.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

"მოხდა სამთავრობო ცვლილებები. პარლამენტს მადლობას ვუხდი კანდიდატურების დამტკიცებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია სამთავრობო ინსტიტუტებმა ამ პერიოდში მაქსიმალურად აქტიურად იმუშაონ".

კომენტარები