The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში განხილულია საქართველოში გასამართი საპარლამენტო არჩევნები, ხოლო ქართული ოცნება მოხსენიებულია, როგორც "ავტორიტარული და პრორუსული ჯგუფი".
ამერიკული გამოცემის მიხედვით, მმართველი პარტიის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს დემოკრატიის ბედი გადაწყდება.
"პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს. სწორედ ამიტომ არის ბოლო დროის სიახლეები სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველოდან ასეთი ამაღელვებელი. მმართველი ქართული ოცნების პარტია - ავტორიტარული, პრორუსული ჯგუფი, იმუქრება ყველა ოპოზოციური პარტიის აკრძალვით, თუ ის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვეს. ეს შესაძლოა იყოს საქართველოს დემოკრატიის ბოლო გამოძახილი. აშშ-ს მეტის გაკეთება შეუძლია მის გადასარჩენად" – წერია სტატიაში.
სტატიაში ნახსენებია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმის რუსული კანონის საპასუხოდ მიღებული ზომები. სტატიის ავტორების მიხედვით, აშშ-ს ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, რათა საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება.
"ეს არის ჭკვიანური, გაზომილი სანქციები ქართული ოცნების ავტორიტარული ტენდენციების საპასუხოდ. აშშ-მ უნდა გამოიყენოს არჩევნებამდე დარჩენილი დრო და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისა და ხმების დათვლის და არჩევნების შედეგების პატივისცემაზე ხმამაღლა ისაუბროს. პრეზიდენტმა ბაიდენმა და კონგრესმა საქართველოს მოქალაქეებს უნდა უთხრან, რომ არ დაუშვებენ საქართველოში ერთპარტიულობას. თუ აშშ მსუბუქად უგულებელყოფს ამ სიტუაციას, შესაძლოა კიდევ ერთ პოლიტიკურად იმედის მომცემ პოსტსაბჭოთა რეგიონში ვიხილოთ დემოკრატიის სიკვდილი" – ვკითხულობთ სტატიაში.
20 ოქტომბერს ქართულმი ოცნების პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ შორის იმიტომაც სჭირდება, რომ დააინიცირონ სამართლებრივი პროცესი, "რომლის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".
პარტიის თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა იგივე გზავნილები გაიმეორა მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის რეგიონალურ ღონისძიებაზე.





