არჩევნები 2024

ჯაფარიძე: დღეს ივანიშვილი აგონიაშია - მათ ხალხთან მისასვლელი პირი არ აქვთ

კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ ენმ-ის წევრისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციის მიმართ ძალადობა ირაკლი კობახიძემ დააანონსა და ეს სისრულეში, მისი თქმით, ქართული ოცნების ზონდერ ჯგუფებმა მოიყვანეს. 

"გუშინ ვნახეთ, სრულიად ცინიკური, გაუმართლებელი მეთოდებით, ე.წ. პოლიციელები როგორ იდგნენ ჩვენი პარტიის გლდანის საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან და მას როგორ ელოდებოდნენ. შემდეგ, ის როგორ გაიტაცეს. ეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა იყო. 3 საათის განმავლობაში, ადვოკატმა მისი ადგილსამყოფელი არ იცოდა". - განაცხადა ჯაფარიძემ.

სოფო ჯაფარიძემ ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას მიმართა და უთხრა, რომ მათი მმართველობის დრო 26 ოქტომბერს ამოიწურება.

"იმის ნაცვლად, რომ დღეს ქართული ოცნება კორუფციას, სიღარიბეს, უმუშევრობასა და გაზრდილ ფასებს ებრძოდეს, ისინი ოპოზიციას ებრძვიან. და ვინ იქნებოდა მთავარი სამიზნე, თუ არა ჩვენი კოალიცია, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა. დღეს ბიძინა ივანიშვილი სრულ აგონიაშია. მათ ხალხთან მისასვლელი პირი არ აქვთ. მეორე მხარეს ისინი ოპოზიციის მიმართ ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებას ხედავენ - ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში. 

მინდა, ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას მივმართო: ხელისუფლებისა და ძალაუფლების შენარჩუნებისკენ მიმართული თქვენი ყველა მცდელობა ფუჭია. თქვენი დრო ძალიან მალე, 26 ოქტომბერს ამოიწურება. როგორც კი ჩვენ საქართველოს თქვენი კლანჭებიდან დავიხსნით, მას ევროპულ გზაზე დავაყენებთ". - თქვა ჯაფარიძემ.

4 სექტემბერს გლდანში, ენმ-ს საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ხელის შეშლის მიზეზით დააკავა.

შსს-ს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები  ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

კომენტარები